საერთაშორისო სტუდენტი

By Lida Davidovi

ეს სტატია თავდაპირველად იტალიურად დაიწერა და თარგმნილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ჰონდურასიდან თბილისამდე: უნიკალური აკადემიური და პერსონალური გზა საქართველოში

ლათინურ ამერიკაში მცხოვრები სტუდენტებისთვის კავკასიის რეგიონში სასწავლებლად გადმოსვლა საკმაოდ მოულოდნელი და თამამი გადაწყვეტილებაა. თუმცა, ჰონდურასელი ახალგაზრდისთვის, მორან ანდრე დაი ჰენრიკეს ჰაილოკისთვის, ეს იყო პროფესიული ზრდისკენ გადადგმული გაცნობიერებული ნაბიჯი. სამშობლოში სწავლა უკვე დაწყებული ჰქონდა, როდესაც უნიკალური სტიპენდიის შესახებ შეიტყო. ჰონდურასი ცენტრალური ამერიკის ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია ულამაზესი პეიზაჟებით, თუმცა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური რეალობა ყოველთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა, დიდწილად, კორუფციისა და ნარკოტრაფიკის გამო. ამის მიუხედავად, მორანი აღნიშნავს, რომ ჰონდურასელები ძალიან პოზიტიური და ბედნიერი ხალხია. ახალი კონტაქტებისა და პროფესიული ზრდის ძიებაში, მან რისკი გაწია და არჩევანი საქართველოზე შეაჩერა.

Figure 1. Honduras. Tegucigalpa. vivisail.com

საინჟინრო მომავალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად მორანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიას სწავლობს. მისი თქმით, საქართველო აკადემიური ზრდისთვის შესანიშნავი ადგილია. ამას ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების ძალიან დიდი ნაკადი - ამ ფაქტორს, ჩამოსვლამდე, ბოლომდე ვერც კი წარმოიდგენდა. მისი მოგზაურობა ღამის 3 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო. იმ ღამის ყველაზე თბილი მოგონება ტაქსის მძღოლს უკავშირდება, რომელმაც ენობრივი ბარიერის მიუხედავად (მხოლოდ ქართულად საუბრობდა), ნამდვილი გულწრფელი მასპინძლობა გამოიჩინა და ახალგაზრდა სტუდენტი სავახშმოდაც კი მიიწვია. ამ უსიტყვო სტუმართმოყვარეობამ თავიდანვე განსაზღვრა მისი დადებითი განწყობა ქვეყნის მიმართ. სამსახური და სამუშაო კულტურა თბილისში სამსახურის პოვნა საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. მორანი, ამჟამად, მუშაობს კომპანია Evolution-ში (გეიმინგ ცენტრი), რომელიც სოციალურ ქსელში იპოვა. 18 წლის შესრულების შემდეგ, დასაქმება საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. გარკვეულწილად ხელი იმანაც შეუწყო, რომ ის საქართველოში იშვიათ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, ამან ადგილობრივი რეკრუტერების ყურადღება მიიპყრო. მორანი დიდ განსხვავებას ხედავს საქართველოსა და ჰონდურასის ციფრულ ბაზრებს შორის. ევროპასთან სიახლოვის გამო, თბილისში ბევრ ცნობილ ციფრულ ბიზნესსა და აპლიკაციების მენეჯმენტს აქვს ფილიალი, მაშინ როცა ჰონდურასში, ინგლისურენოვანი ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ტრადიციული ქოლ-ცენტრები არსებობს. სამსახურში, კოლეგებთან ურთიერთობაც მალევე გასცდა პროფესიულ ჩარჩოებს და მეგობრობაში გადაიზარდა, რადგან თანამშრომლების უმეტესობა მისი ასაკისანი არიან.

კულტურული მსგავსებები და მკვეთრი კონტრასტები ქართველებისა და ლათინოამერიკელების შედარებისას, მორანმა საინტერესო სოციალური მსგავსება გამოყო: ზუსტად ისევე, როგორც ჰონდურასში, საქართველოშიც, რეგიონებსა და სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა ან ქუთაისში გადადიან. თუმცა, კულტურული კონტრასტი საკმაოდ მკვეთრია. ქართველები, მეტწილად, ჩაკეტილები და მორცხვები არიან და ურჩევნიათ საკუთარ წრეში დარჩნენ, რაც უცხოელების სწრაფ ინტეგრაციას, გარკვეულწილად - ზღუდავს. „…თუ ჩამოხვალ ჩემს ქვეყანაში და ესპანურად რამეს გვეტყვი, ჩვენ ჩაგეხუტებით, ძალიან გაგვიხარდება შენი იქ ყოფნა და მიგიღებთ ჩვენს ჯგუფში. მაშინ როცა აქ, ისინი გაოცებულები არიან, თუ მათ ენაზე ლაპარაკობ, მაგრამ გარეთ გასასვლელად ნამდვილად არ გეპატიჟებიან… გარედან მოსული ადამიანის აქაურ ცხოვრებაში ინტეგრირების სურვილის ნაკლებობაა.“

ტრანსფორმაცია და მომავლის გეგმები მორანი აღიარებს, რომ საკუთარ სახლად, ყოველთვის, მხოლოდ ჰონდურასს მიიჩნევს. თბილისში გატარებული პირველი ექვსი თვე რთული იყო ესპანურენოვანი გარემოს არარსებობის გამო. თუმცა, სამეგობრო წრის ჩამოყალიბებამ ყველაფერი შეცვალა. უცხო გარემომ და კომფორტის ზონიდან გამოსვლამ, ის ბევრად უფრო სოციალურ და თავდაჯერებულ ადამიანად აქცია. საქართველოში თავის ცხოვრებას, ის ერთი სიტყვით ახასიათებს - „უნიკალური“. „ნუ შეგეშინდებათ, გამოდით კომფორტის ზონიდან. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იქნება, თავს მარტოსულად იგრძნობთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში , როცა შეეცდებით საკუთარი თავის გამოჩენას, იპოვით ადამიანთა ჯგუფს, იპოვით მხარდაჭერას სხვა ადამიანებში. მე ბევრს ვახსენებ ადამიანებს, რადგან ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ცხოვრებაში გაქვს - მიჯაჭვულობები (კავშირები).“ რაც შეეხება მომავალს: საქართველოს მზარდი მშენებლობები სამოქალაქო ინჟინერიისთვის ნამდვილი ოქროს საბადოა. მორანი გეგმავს ევროპაში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, კვლავ თბილისში დაბრუნდეს, რათა საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს ან ადგილობრივ ბაზარზე დასაქმდეს. ავტორის დასკვნა: წარმატების ნამდვილი არქიტექტურა მორან ანდრეს ისტორიის მოსმენისას აცნობიერებ, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო მოგზაურობა, დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოებისა და აუდიტორიების ჩარჩოებს - ეს არის უცხო კულტურის შუაგულში საკუთარი იდენტობის ხელახლა შექმნის მამაცი მცდელობა. მორანი თბილისში შენობების კონსტრუქციებისა და საინჟინრო დიპლომის საძიებლად ჩამოვიდა, თუმცა მან, პირველ რიგში, საკუთარი თავის ბევრად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი ვერსია ააშენა. იმ ქვეყანაში, სადაც კულტურული კარების გაღება, ხშირად, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მისი გზა ამტკიცებს, რომ გულწრფელობა, შრომისმოყვარეობა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის უნარი, საუკეთესო საერთაშორისო ვალუტაა. საქართველოს მზარდი ჰორიზონტი, შესაძლოა, მალე მართლაც გამდიდრდეს მისი საინჟინრო ხედვით, მანამდე კი ეს ისტორია რჩება ულამაზეს ხიდად ცენტრალური ამერიკის სითბოსა და კავკასიის უძველეს ქვებს შორის.

Figure 2. Respondent Moran André Daí Henriquez Haylock and Interviewer Lidia Davidovi..