მოზაიკა საქართველოში

By Luca Pasquali

ეს სტატია თავდაპირველად იტალიურად დაიწერა და თარგმნილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

შუასაუკუნეების ტრადიციიდან - მე-20 საუკუნის ხელახალ აღმოჩენებამდე

მოზაიკის ხელოვნებას ათასწლეულების ისტორია აქვს, რომელიც სათავეს მესოპოტამიაში, ძვ.წელთაღრიცხვით III საუკუნეში იღებს. ფართოდ გავრცელდა კლასიკურ ანტიკურ სამყაროში, როგორც საბერძნეთში, ასევე რომში, მწვერვალს კი - VI-XV საუკუნეებში, ბიზანტიის იმპერიაში მიაღწია, სადაც, მეტწილად, ტაძრების მონუმენტურ დეკორაციებად გამოიყენებოდა. საქართველოს კონტექსტში კი, ხელოვნების ამ მიმდინარეობას ისტორიულად დადასტურებული და ღრმა ტრადიცია აქვს. მაგალითად, 1971-1977 წლებში სოფელ ძალისის მახლობლად ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას, ჩ.წ. მეორე საუკუნით დათარიღებული მოზაიკით მოპირკეთებული იატაკი აღმოაჩინეს. მანამდე, 1952-1954 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინტაში ჩვ. წ. IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა აღმოაჩინა. ბაზილიკის იატაკი V საუკუნის რთული მოზაიკური ორნამენტებით იყო მორთული, რომელთა ნაწილიც საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში შემორჩა, დღეს - ისინი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. რელიგიური მოზაიკური ხელოვნების შემდგომი ისტორიული დასტურია მცხეთის ჯვრის ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის დეკორაციები და წრომის ტაძრის მოზაიკა, რომელიც VII საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება და რომლის სამი დიდი ფრაგმენტიც იმავე ეროვნულ მუზეუმშია დაცული. შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ხელოვნების მწვერვალს კი გელათის მონასტრის XII საუკუნის მოზაიკა წარმოადგენს. თუმცა, XIII საუკუნიდან მოყოლებული, მოზაიკური კულტურა უწყვეტ და მნიშვნელოვან ვარდნას განიცდის, რაც განპირობებულია მუდმივ ომებში - მონღოლ, ოსმალ და სპარს დამპყრობლებთან თავდაცვით კონფლიქტებში - ჩართული ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით. ხელოვნების ეს მიმართულება განსაკუთრებით XX საუკუნეში იწყებს აღორძინებას, როდესაც მონუმენტური ფერწერა - მოზაიკა, საბჭოთა სახელმწიფოების ესთეტიკური და პროპაგანდისტული პოლიტიკის ფუნდამენტი ხდება. მცდარი იქნება დაშვება, თითქოს სოციალისტურ ქვეყნებს, და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირს, XX საუკუნის მოზაიკის პოპულარიზაციაში აბსოლუტური მონოპოლისტის როლი ჰქონდათ. მნიშვნელოვანი მოზაიკური ნამუშევრები, პარალელურად, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, ასევე პოლონეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში იქმნებოდა. სსრკ-ის საზღვრებში წარმოების რაოდენობრივი უპირატესობა, სინამდვილეში, ყველა საჯარო სექტორის (მათ შორის: მეცნიერების, სპორტის, ინფრასტრუქტურისა და თავად ხელოვნების) განვითარებისკენ მიმართული მასიური სახელმწიფო ინვესტიციებით აიხსნებოდა, და ეს მიდგომა - მოზაიკას - ეროვნული ამბიციების ვიზუალურ მანიფესტად აქცევდა.

ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა და კონტრაქტების ეკონომიკური რეჟიმი

საბჭოთა პერიოდში, მონუმენტური ფერწერის შექმნის მთლიანი ჯაჭვი, მკაცრად კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ. თითოეულ მოზაიკურ პროექტს საჯარო ორგანო ან სამრეწველო საწარმო უკვეთავდა, შემდეგ ცენტრალიზებულად იმართებოდა ხელოვანთა კავშირის და მისი ფონდის მიერ. საკვანძო შუამავლების როლს ეგრეთ წოდებული უფლებამოსილი (уполномочники) — ფიგურები ასრულებდნენ, რომლებიც დღევანდელ კულტურის მენეჯერებს ან პროექტების კოორდინატორებს მიესადაგებიან. ისინი უზრუნველყოფდნენ ქარხნებს, ადგილობრივ ადმინისტრაციებსა და ხელოვანთა კავშირებს შორის ურთიერთობებს და იღებდნენ შეკვეთებს არა მხოლოდ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან, არამედ, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან. შეკვეთის მიღების შემდეგ, სპეციალური კომისია, აცხადებდა კონკურსს ესკიზების შესაქმნელად და აფასებდა პროექტის კომპოზიციურ სირთულეს, ფერთა ქრომატულ ბალანსსა და სტილისტურ დახვეწილობას. აშკარა მერიტოკრატიის მიუხედავად, ადგილობრივ პროფესიონალებს შორის მწვავე შიდა კონკურენცია მიმდინარეობდა შეკვეთების მისაღებად. ფაქტობრივად, მოზაიკა გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მიღების ერთ-ერთი უსწრაფესი და ყველაზე მომგებიანი საშუალება. ნამუშევრის ფინანსური ღირებულება გამოითვლებოდა მისი მხატვრული სირთულისა და გამოყენებული ფილების ქრომატული მრავალფეროვნების მიხედვით. ესეთი ცენტრალიზებული სისტემა, ზოგჯერ ხარისხის გამრუდებასაც უწყობდა ხელს. ზოგიერთი ცნობილი ხელოვანის გადატვირთულობისა ან დაბალი ინტერესის გამო, შეკვეთები ხშირად გადაეცემოდათ მათ სტუდენტებს - სამხატვრო აკადემიიდან. ახალგაზრდა აკადემიელებისთვის კი ეს პრაქტიკა ერთდროულად აუცილებელი სტაჟირების შესაძლებლობას და საზაფხულო შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. დელეგირების ამ მეთოდმა ხელი შეუწყო სამრეწველო საწარმოო ხაზის მსგავსი პრინციპის ჩამოყალიბებას, რამაც ხშირ შემთხვევაში, საბოლოო პროდუქტის მოკრძალებული სტანდარტები და “ჩანახატის” დონის ხარისხი განაპირობა. მეტიც, მრავალი არტისტი თავიანთ ორნამენტულ მოზაიკას არც კი მიიჩნევდა ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშად, უგულვებელყოფდა მის ისტორიულ მნიშვნელობას და დეკორირებული ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებსაც კი არ უთითებდა. პროფესიული დაუდევრობის ამ ფართოდ გავრცელებულ ფორმას, დაერთო ხელოვანთა კავშირის არქივების ფიზიკური, შემზარავი ხანძრის შედეგად, განადგურება. ეს ხსნის, დღესდღეისობით არსებული მრავალი ნიმუშის შექმნის თარიღისა და ავტორების ვინაობის შესახებ ოფიციალური მონაცემების ნაკლებობას.

ცენტრალური პოლიტიკა და ქალაქთმშენებლობა: ხრუშჩოვის ბრძანებულებიდან ბრეჟნევის აღმავლობამდე

საბჭოთა მოზაიკის ხელოვნების ევოლუცია კრემლის იდეოლოგიური და ურბანული დაგეგმვის ცვალებადობისგან განუყოფელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლენინმა 1918 წელს კომუნისტური ღირებულებების ვიზუალური პოპულარიზაციისთვის “მონუმენტური პროპაგანდის” პროგრამა წამოიწყო, მოზაიკის ფართოდ გამოყენება მხოლოდ მომდევნო ათწლეულებში დამკვიდრდა. 1930-იან წლებში ქალაქის დაგეგმარების სამმართველო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მიეძალა: კერძო მანქანების წარმოების შემცირება - მასიური მეტროს ქსელების განვითარების სასარგებლოდ. მოსკოვში, ცნობილი მხატვრის, ალექსანდრე დეინეკას მიერ დაპროექტებული მონუმენტური სადგურების მოსაპირკეთებლად (მაიაკოვსკაიას მეტრო სადგური), მოზაიკა სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ის განსაკუთრებულად მდგრადი იყო ყინვისა და გახუნების მიმართ, და ამავდროულად, დიდი ფართობის დასაფარად შედარებით იაფი მასალების გამოყენების საშუალებას იძლეოდა. “სტალინისტური იმპერიის” არქიტექტურული ბრწყინვალების პერიოდი, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, უცაბედად შეწყდა. საცხოვრებელი ფართების დრამატული კრიზისის სამართავად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა ეროვნული რესურსები სტანდარტიზებული, ნახევრად აწყობილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისკენ მიემართა, რომლებსაც ახლაც “ხრუშჩოვკებს” უწოდებენ. 1955 წლის 4 ნოემბერს, სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ გამოსცა ბრძანება “არქიტექტურასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ”, რომელიც კრძალავდა ნებისმიერ ზედმეტ დეკორაციას, რომელსაც შეეძლო სამშენებლო ობიექტების ეკონომიკური მდგრადობისთვის საფრთხე შეექმნა. შედეგად, მოზაიკა თითქმის მთლიანად გაქრა საჯარო არქიტექტურიდან, ხოლო სტალინს “მიწერილი” მრავალი ნამუშევარი, დესტალინიზაციის კამპანიის ფარგლებში, მოიხსნეს, ან დაფარეს. მონუმენტური ფერწერული ხელოვნების ხელახალი დაბადება, 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, ლეონიდ ბრეჟნევის ეპოქაში (1964–1982) მოხდა. ცივი ომის პიკზე, სახელმწიფომ თავიდან აღმოაჩინა, რომ პატრიოტული გრძნობებისა და სოციალური ოპტიმიზმის სტიმულირებისთვის საზოგადოებრივი ხელოვნება შედეგიანია. მუშათა კლასის სტანდარტიზებული უბნების ესთეტიკური მონოტონურობის საპასუხოდ, რომლებიც მოსაწყენ გეომეტრიულ კონტეინერებად აღიქმებოდა, დადგინდა, რომ ახალი საზოგადოებრივი შენობების ბიუჯეტის 5% ავტომატურად გამოყოფილიყო ორნამენტული “ხელოვნების ელემენტებისთვის”. ამგვარად, მოზაიკა დაბრუნდა სკოლების, ქარხნების, სპორტული კომპლექსებისა და სატრანსპორტო სადგურების ფასადებისა და ინტერიერების გასაფორმებლად, როგორც “სეკულარული ფრესკები”, რომლებსაც შეეძლოთ მოსახლეობის მორალურ და სამოქალაქო ღირებულებებზე გავლენის მოხდენა.

იკონოგრაფია და ჰიბრიდული სიმბოლიზმი: „ფორმით ეროვნულის“ სინთეზი

მიუხედავად მკაცრი სახელმწიფო ცენზურისა, რომელიც სოციალისტური რეალიზმის კანონებთან შესაბამისობას მოითხოვდა, ქართულ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მოღვაწე ხელოვანები ოსტატურად ასრულებდნენ ცენტრალურ დირექტივებს და “სოციალისტურ კონტექსტს” - “ეროვნულ ფორმით” ანაცვლებდნენ. კომისიების და მოსკოვის მარეგულირებელ ორგანოებთან ფიზიკური დისტანციის წყალობით, საქართველოში შექმნილ მოზაიკებში, თითქმის არ გვხვდება ტრადიციული და გავრცელებული კომუნისტური სიმბოლოები, როგორიცაა ჩაქუჩი და ურო, სსრკ კომუნისტური პარტიის ლიდერების პორტრეტები ან პირდაპირი პოლიტიკური ლოზუნგები. სანაცვლოდ, ნამუშევრები განსაკუთრებული გამომხატველობით გამოირჩევა: სოციალისტური რეალიზმიდან ფუტურიზმამდე, გრაფიკული მინიმალიზმიდან სრული აბსტრაქციამდე, რაც ხელოვანებს გეომეტრიული და კონცეპტუალური კომპოზიციებით მოქალაქეების აბსტრაქტული აზროვნების სტიმულირების საშუალებას აძლევდათ. საქართველოში მოზაიკური იკონოგრაფია ადგილობრივი ისტორიული, ლიტერატურული და პეიზაჟური იდენტობის აღზევებაზე იყო ორიენტირებული. ყველაზე ხშირ და მნიშვნელოვან თემებსა და გამოსახულებებს შორისაა:

  1. ლიტერატურული ეპოსი და მითოლოგია: დიდი დეკორატიული კედელი ნადირობის სცენებით, რომელიც კუკური წერეთელმა თბილისში რუსთაველის მეტროს სადგურთან შექმნა (1960-იანი წლები), შთაგონებულია XII საუკუნის ქართული ეროვნული პოემით “ვეფხისტყაოსანი”. გახსნა 1966 წელს პოეტის დაბადებიდან მეცხრამეტე წლისთავის აღნიშვნას დაემთხვა. თბილისის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ნუგზარ მეძმარიაშვილის (1968-1971) მონუმენტური მოზაიკა პრომეთეს კლასიკურ მითს ახლებურად განმარტავს და ქართულ მითოლოგიაში მის ანალოგს, ამირანს უკავშირებს, რომელიც ყოველთვის განიმარტებოდა, როგორც ქართველი ერის, მისი ისტორიული ტანჯვისა და გადარჩენისთვის დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო.
  1. მევენახეობა და სოფლის მეურნეობა: ყურძნის მტევანი და ვაზის ყლორტები, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ქართულ მოზაიკაში იდენტობის ყველაზე გავრცელებულ სიმბოლოს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებში ვაზი ეკლესიების იკონოგრაფიაში წმ. მარიამის აშკარა ატრიბუტი იყო, საბჭოთა ხელოვანებმა განახორციელეს სემანტიკური გარდაქმნა და ამ გამოსახულების გადაკოდირება, სოფლის მეურნეობის სრულყოფილების და სოფლის კოოპერატივის სეკულარულ სიმბოლოდ.
  2. დროებითი სინკრეტიზმი და კოსმოსური რბოლა: 1960-იან წლებში საბჭოთა კოსმოსური მიღწევებისადმი ენთუზიაზმმა კოსმონავტების, ვარსკვლავებისა და კოსმოსური ხომალდების მდიდარი იკონოგრაფია განაპირობა. თუმცა, ქართველი მხატვრები დახვეწილ ისტორიულ პარალელებს ქმნიდნენ. თბილისში, ყოფილი სახალხო სამეურნეო გამოფენის-ის (ამჟამად “ექსპო ჯორჯია”) ფასადზე, გამოსახულია მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც 1963 წელს ლეონარდო შენგელიამ დახატა. ახლოსვე, სხვა ფიგურაც ჩნდება — ამჯერად სამი ქალის ქანდაკება, რომლებსაც ხრახნები, ატომები და თვითმფრინავები უჭირავთ, რაც ასევე ქალთა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევებს განასახიერებს.
  1. რეგიონული დახასიათება: შავი ზღვის დასავლეთ სანაპირო ზოლში, მოზაიკა ძირითადად ზღვის თემატიკას, წყლის სპორტს, თევზსა და პოსეიდონის მითოლოგიურ ფიგურას ეხებოდა, რაც ასევე ქართულ კოლხიდასა და კლასიკურ ბერძნულ მითებს შორის - ოქროს საწმისი - უძველეს ისტორიულ კავშირებს ასახავდა. აღმოსავლეთით, მეღვინეობის რეგიონებში, კახეთში, იკონოგრაფიული ყურადღება ადგილობრივ ფაუნაზე, მეღვინეობასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე იყო გადატანილი.
ბათუმის დელფინარიუმი • წელი: 1974 • ავტორი(ები): ზაურ წულაძე, ვაჟა ბჟალავა • ადგილმდებარეობა: ბათუმი • ამჟამინდელი მდგომარეობა: კონსტრუქცია შენარჩუნებულია ავტორების ორიგინალური წარწერით.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რუსეთ-საქართველოს ისტორიული მოლაპარაკების (იგივე გეორგიევსკის ტრაქტატის) ძეგლი, რომელიც 1983 წელს გუდაურთან, 2384 მეტრის სიმაღლეზე, 1783 წლის ტრაქტატის ორასი წლისთავის აღსანიშნავად აღიმართა. გიორგიევსკის ტრაქტატით დადგინდა რუსეთის იმპერიის პროტექტორატი ქართლ-კახეთის სამეფოზე და მისი შიდა სუვერენიტეტის პატივისცემა, სანაცვლოდ - სამხედრო მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან. თუმცა, აქედანვე ახლო მომავალში, ისტორია ქართული მხარისთვის კატასტროფული აღმოჩნდა: 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის მეთაურობით, ირანის შემოჭრისას, რუსეთის იმპერიამ თავი შეიკავა სამხედრო დახმარებისგან და სპარსეთს მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადა ომი, როცა საქართველო გაანადგურეს, და მერე დაიწყო ქართული ტერიტორიების სრული იმპერიული ანექსია. 1983 წელს, ამ თარიღის ოფიციალურ აღნიშვნას ქართველი ხალხი დიდი სიცივითა და აშკარა მტრული დამოკიდებულებით შეხვდა. ანტისაბჭოთა აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს, ხოლო სადისიდენტო საგამომცემლო წრის (სამიზდატი - „თვითგამომცემლობა") მთავარმა მიწისქვეშა გაზეთმა, სახელწოდებით “ქართველი”, სპეციალური ნომერი მიუძღვნა რუსეთის იმპერიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების დარღვევით ჩადენილი ისტორიული უსამართლობის დაგმობას. არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ წერეთლის თანამშრომლობით შექმნილი ეს მონუმენტი გამოირჩევა ზურაბ კაპანაძის, ზურაბ ლეჟავასა და ნოდარ მალაზონიას შთამბეჭდავი მოზაიკური ფერწერით. ნამუშევრის პროპაგანდისტული გავლენის შესამცირებლად, მხატვრებმა კომპოზიცია ორ სიმეტრიულ ნაწილად დაყვეს: მარცხნივ — საქართველოს ისტორიული და მითოლოგიური სცენები, მარჯვნივ — რუსეთი. ცენტრში მათ დედა-შვილი მოაქციეს, რაც ღვთისმშობლისა და ჩვილ იესოს წმინდა იკონოგრაფიის პერეფრაზს წარმოადგენს, თუმცა მომავალი თაობებისთვის შეიქმნა უნივერსალური ალუზია, რადგან კულტურული წარმომავლობა განზრახ ბუნდოვნად იყო დატოვებული. მოსკოვის ოფიციალური პირები, რომლებიც ინაუგურაციას ესწრებოდნენ, აშკარად გაღიზიანდნენ “ხალხებს შორის მეგობრობის” კონცეფციის ამ ნეიტრალური და ფაქიზად რელიგიური ინტერპრეტაციით.

რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ძეგლი (დიორამა) • ადგილმდებარეობა: გუდაური (საქართველოს სამხედრო გზა) • არქიტექტორები/მხატვრები: გიორგი ჩახავა (არქიტექტორი), ზურაბ კაპანაძე, ზურაბ ლეჟავა, ნოდარ მალაზონია (მხატვრები) • სტრუქტურული მახასიათებლები: ბეტონისა და ადგილობრივი ქვისგან აგებული ნახევარწრიული კონსტრუქცია, რომელიც ღიაა ეშმაკის ხეობისკენ, 600-მეტრიან კლდეზე გადებული კონსოლური აივნებით • მოზაიკის ტექნიკა: უწყვეტი რგოლისებრი მოზაიკა მონუმენტური კლუიზონეს-ტიხრულ სტილში, ფერადი და გამომწვარი მინის ფილებით.
ორთაჭალის სახანძრო • წელი: 1979 • ავტორი: გივი კერვალიშვილი • ადგილმდებარეობა: თბილისი (ორთაჭალა) • ამჟამინდელი მდგომარეობა: შენარჩუნებულია სახანძრო ნაწილის ფასადზე.
ფეროშენადნობთა ქარხანა • წელი: 1981 • ავტორი: დემურ ბაშელეიშვილი • მდებარეობა: ზესტაფონი • ამჟამინდელი მდგომარეობა: მდებარეობს მეტალურგიულ ქარხანაში; ინახავს ავტორის ხელმოწერას.
დიდი აბსტრაქტული მოზაიკა საცურაო აუზის შესასვლელის თავზე • წელი: 1978 • ავტორი: კოკა იგნატოვი.
თბილისის სამონტაჟო-სადალურო ხელსაწყოების ქარხანა • წელი: 1984-1985 • ავტორი: ვიქტორ ჩუმბურიძე. დანგრეულია 2017 წელს.

1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავის აღსანიშნავად აგებულ ძეგლებში აშკარად ჩანს ტიპოლოგიური და მონუმენტური მრავალფეროვნება, რაც ხაზს უსვამს იმ მასშტაბურ ჩარევებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა იმ წელს განახორციელა.

თბილისის შემოსასვლელის ძეგლი • მდებარეობა: თბილისის შემოგარენი • დიზაინერები/ხელოვანები: ზურაბ წერეთელი • სტრუქტურული მახასიათებლები: მონუმენტური ქანდაკება • მოზაიკის ტექნიკა: პლასტიკური კომპოზიცია, რომელიც გამოსახავს შთამბეჭდავ ოქროს კვანძს და განასახიერებს რუსი და ქართველი ხალხების ბედის განუყოფელ ერთობას, გრაგნილზე დატანილი გეორგიევსკის ტრაქტატის ოფიციალური ტექსტით.
(მარადიული მეგობრობა) • მდებარეობა: მოსკოვი (ტიშინსკაიას მოედანი) • ავტორები/ხელოვანები: ზურაბ წერეთელი • სტრუქტურული მახასიათებლები: ბრინჯაოს ვერტიკალური მონუმენტი • მოზაიკის ტექნიკა: ქანდაკება, რომელიც ხასიათდება ქართული და რუსული ანბანის ასოების ერთობით, რაც ქმნის ისეთ საკვანძო სიტყვებს, როგორიცაა "მშვიდობა", "შრომა", "ერთობა" და "ძმობა".

ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაცია მონუმენტურ ტიხრულ მინანქარში

მასალების თვალსაზრისით, საქართველოში მოზაიკის შექმნა მკაფიოდ ორად იყოფოდა: ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და იმპორტირებული მინანქარი (ემალები). მინანქარი განისაზღვრება როგორც მინის შენადნობი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე იწვის და მცირე გეომეტრიულ ნაწილებად იშლება. ეს, დროთა განმავლობაში, ცვეთისადმი განსაკუთრებულ მდგრადობას უზრუნველყოფდა და ინარჩუნებდა გარე ინსტალაციების გამომსახველობასა და ფერთა ბრწყინვალებას. ამ მასალის დიდი ნაწილი, საქართველოში, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ, შემდეგ კი, არტისტების მიერ, ადგილზე ხდებოდა მისი დამუშავება და ფორმირება. და მაინც, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ნიმუშების ყველაზე შესამჩნევი და ორიგინალური ტექნოლოგიური წვლილი მიუძღვის კოლექტივს, ზურაბ კაპანაძის, ზურაბ ლეჟავას და ნოდარ მალაზონიას სახით. პირველად, სწორედ ამ ჯგუფმა გამოიყენა მონუმენტურ მასშტაბში ტრადიციული დეკორატიული ტექნიკა - ტიხრული მინანქარი (კლუაზონე სმალტო, რომელიც ისტორიულად მცირე ზომის საეკლესიო ოქრომჭედლობის ნივთების დასამზადებლად გამოიყენებოდა), სტანდარტული მოზაიკური მინანქარი შეცვალა ფერადი, გამომწვარი მინის სპეციალური ფილებით, რომელთა შორის გამოსახულების კონტურების განსასაზღვრად თხელი ლითონის დანაყოფები იყო მოთავსებული. ეს გამოგონება, რომელიც უკიდურესად რთული და სტაბილური ფერადი სქემების შექმნის საშუალებას იძლეოდა, დაპატენტდა და მას საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური საკუთრების ოფიციალური სერტიფიკატი მიენიჭა. ამავე პერიოდში, პიერ ლუიჯი ნერვის საერთაშორისოდ დანერგილი ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიებით შთაგონებულმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ, დაიწყო ნაყოფიერი კვლევა თხელი ფენებით რკინაბეტონის კონსტრუქციების მიმართულებით. პირველი ასეთი კონსტრუქცია 1961 წელს ალუშტას ავტოსადგურისთვის შექმნა. მისი შემდგომი გაფორმებები კომპლექსურ ორგანულ და ბიომორფულ ფორმებისკენ განვითარდა. ინჟინერ ზურაბ ჯალაღანიასთან და მოზაიკოსებთან - მალაზონია, კაპანაძე და ლეჟავასთან - მჭიდრო თანამშრომლობით, ჩახავამ შექმნა ქუჩისა და დასასვენებელი პავილიონების უნიკალური სერია, რომელთა არსი მოცემულ ლანდშაფტში ინტეგრირებული ფუნქციური სკულპტურების არსებობაში მდგომარეობდა. თითოეული ეს პავილიონი გამორჩეული იყო თავისი უნიკალური ფორმითა და განსაკუთრებული გეომეტრიული დინამიკით და წარმოადგენდა მოსკოვის ურბანული დაგეგმარების სამსახურისგან დამოუკიდებელ, ექსპერიმენტულ ლაბორატორიას.

თევზი • ადგილმდებარეობა: ბიჭვინთა (პიცუნდა, აფხაზეთი) • დიზაინერები/ხელოვანები: გ. ჩახავა, ზ. ჯალაღანია (არქიტექტორები) / ნ. მალაზონია, ზ. კაპანაძე, ზ. ლეჟავა (ხელოვანები) • კონსერვაციის სტატუსი: ნაწილობრივ დაზიანებული მოზაიკური ზედაპირი; უმოქმედო.
თევზი • ადგილმდებარეობა: ბიჭვინთა (პიცუნდა, აფხაზეთი) • დიზაინერები/ხელოვანები: გ. ჩახავა, ზ. ჯალაღანია (არქიტექტორები) / ნ. მალაზონია, ზ. კაპანაძე, ზ. ლეჟავა (ხელოვანები) • კონსერვაციის სტატუსი: ნაწილობრივ დაზიანებული მოზაიკური ზედაპირი; უმოქმედო.

შემთხვევის ანალიზი, კონსერვაციის კრიზისი და სამოქალაქო აქტივიზმი

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამ, საქართველო ღრმა პოლიტიკური არასტაბილურობის, ეკონომიკური რეცესიისა და შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში შეიყვანა, რის შედეგადაც სახელმწიფო ინდიფერენტული იყო XX საუკუნის ბოლოს შექმნილი მონუმენტური მემკვიდრეობის დაცვის მიმართ. სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არარსებობამ ხელი შეუწყო მრავალი ხელოვნების ნიმუშის სისტემურ განადგურებას. მოზაიკით მორთული მრავალი საჯარო შენობა პრივატიზდა, კონსერვაციისთვის საჭირო შეზღუდვების გარეშე. ამ კონტექსტში, უკონტროლო ურბანიზაციამ და კერძო სპეკულაციურმა ინტერესებმა შენობები სერიოზული ვანდალური თავდასხმის ობიექტებად აქცია. ერთ-ერთი სიმბოლური შემთხვევა თბილისში მოხდა, სადაც ადგილობრივმა ხორცპროდუქტების გადამამუშავებელმა კომპანიამ საკმაოდ დიდი ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე მოზაიკა შუაზე გაჭრა გასასვლელისა და დაცვის ჯიხურისთვის განკუთვნილი ალუმინის კარის დასამონტაჟებლად. ამ ჩარევას დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის სრული დუმილი მოჰყვა. ანალოგიურად, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, ფანჯრები და კარები არსაიდან გააჩინეს ისტორიული მოზაიკური პანელის პირდაპირი ამოტეხვით. გვიანი საბჭოთა პერიოდის ნაგებობების სტრუქტურული ავთენტურობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით, რესტავრაციის დაწყებამაც ცხარე დებატები გამოიწვია. ბათუმში, ცნობილი კაფე “ფანტაზიის” შემთხვევაში, შენობა (წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, 2012 წელს კერძო დეველოპერის მხრიდან დანგრევა დაემუქრა) სამოქალაქო საზოგადოების აქტიური პროტესტის წყალობით გადარჩა. თუმცა, 2017-2019 წლებში ჩატარებულმა რესტავრაციამ სამეცნიერო საზოგადოების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია: ორიგინალი ზედაპირი მთლიანად მოიხსნა და შეიცვალა ახალი ფილებით, რომლებიც რესტავრატორების მიერ ფერების პალიტრის თავისუფალი ინტერპრეტაციის საფუძველზე შეიქმნა, ხოლო კომპლექსური ინტეგრირებული წყლის სისტემა, რომელიც გუმბათზე ცივ წყალს ასხურებდა, დეინსტალირდა, რითაც არტეფაქტის ფიზიკური ავთენტურობა გაუფასურდა. თბილისში, არქიტექტორების - შოთა ყავლაშვილის, გურამ აბულაძისა და რამაზ კიკნაძის მიერ 1978 წელს დაპროექტებული და კოკა იგნატოვის მონუმენტური ხაზოვანი ფრიზით მორთული სპორტული ცენტრის, “ლაგუნა ვერეს” ბედი კვლავაც გაურკვეველია. საცურაო კომპლექსი, რომლის პრივატიზება 2000 წელს მოხდა, კომერციული სარგებლის არარსებობის გამო 2014 წელს დაიხურა, ხოლო 2015 წლის წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზიანა. იმის გამო, რომ ტერიტორია მთლიანად კერძო საკუთრებაშია, შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანის მცდელობები ჯერჯერობით უშედეგოა. ეს კი ქვეყნის ყველაზე გრძელ მოზაიკას სრული დაშლის ან დანგრევის საფრთხის წინაშე აყენებს. ვიზუალური მეხსიერების სისტემური დაკარგვის შესაჩერებლად, რამდენიმე ქართველმა კულტურულმა მოღვაწემ მასშტაბური კატალოგიზაციისა და შენარჩუნების კამპანია წამოიწყო. ნინო ფალავანდიშვილის ნოვატორული საქმიანობის გარდა, რომელსაც საარქივო მასალის კვლევებში მხარი სოფია ლაპიაშვილმა, ლენა პრენცმა, გოგიტა ბუხაიძემ, თამარა ბოკუჩავამ და ნინო სირაძემ აუბეს, სამოქალაქო საზოგადოებამაც ხელი შეუწყო ადგილობრივ სარესტავრაციო პროექტებს. უფრო ზუსტად, პროექტმა “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, გადარჩენა და აღდგენა” (რომელიც 2024 წელს, ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით დაიწყო) სამეგრელოს რეგიონში შესაძლებელი გახადა სამი ისტორიული მოზაიკის ურთულესი რესტავრაცია. კომპლექსური გამოწვევები უკავშირდებოდა სოკოვანი ბაქტერიების გავრცელებასა და კედლების არამდგრადობას. ანალოგიურად, საგურამოში, ამჟამად კერძო საკუთრებაში არსებული, ყოფილი ინდუსტრიული საწყობის შესასვლელთან მდებარე ორი მოზაიკა, შენარჩუნდა ფონდ “რიბირაბოს” ჩარევით; მფლობელები დაარწმუნეს, აეშენებინათ სპეციალური დამცავი ლითონის ჩარჩოები განახლებულ სტრუქტურაში ისტორიული პანელების ინტეგრირებისთვის. გეოგრაფიული თვალსაზრისით, გვიანი საბჭოთა მოზაიკების კონსერვაცია კვლავ ფრაგმენტული ხასიათისაა. მიუხედავად დაზიანებებისა, მრავალი მაღალი ხარისხის ინსტალაცია მიტოვებულ ინდუსტრიულ ცენტრებსა და პერიფერიებშია შემორჩენილი, რაც ქართული მონუმენტური მეხსიერების გეოგრაფიულ რუკას ქმნის.