ბუდრუგანა გაგრა - ხელის ჩრდილების თეატრი
იმ წამს, როდესაც შუქი თეთრ ფონს ეცემა და დარბაზი სიჩუმეში იძირება, ვხვდებით სრულიად არაცნობიერი მოვლენის მომსწრენი. ამ ფენომენს მეცნიერება პარეიდოლიას უწოდებს: ადამიანის ტვინის უძველესი, ინსტინქტური მიდრეკილება იპოვოს ნაცნობი ხატებები არაერთგვაროვან გამოსახულებებში, ხის ქერქში _სახე, მოცურავე ღრუბელში_ცხოველი… ეს ტენდენცია ,ბუდრუგანა გაგრას’ თეატრის სცენაზე, ყოველ ჯერზე, ხელოვნებად იქცევა. სიბნელეში ხელი ჩნდება, მაყურებელი კი იფიცებს რომ დათვს ხედავს.
ვერ ნახავთ თოჯინებს, ვერც მუყაოს ან ტყავის ფიგურებს და ვერც მოდურ, თანამედროვე პროექტორებს. მხოლოდ ჩვეულებრივ, ადამიანურ ხელებს, ათი თითით და ორი გულით. ჰო კიდევ სინათლის სხივს.
ქართულ “ბუდრუგანა გაგრას” მხოლოდ ეს ,აღჭურვილობა’ დასჭირდა იმისთვის, რომ ორმოცი წლის მანძილზე თავის წარმოდგენებით მსოფლიო შემოეარა.
მხოლოდ ჩვეულებრივ, ადამიანურ ხელებს, ათი თითით და ორი გულით. ჰო კიდევ სინათლის სხივს.
ყველაფერი დაიწყო 1982 წელს გელა კანდელაკით, თეატრის დამაარსებლით და რეჟისორით. საბჭოთა პერიოდის მიწურულია. მისი საზრუნავი კი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ გადაუდებელი: დედაქალაქის ბავშვებს აქვთ წვდომა თეატრთან, კინოსთან, კულტურასთან, სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს - არა. მას ამის შეცვლა სურს. შედეგად , აყალიბებს ჯგუფს მკვეთრად განსხვავებული და მრავალფეროვანი ადამიანებისგან. სტომატოლოგი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი ერთიანდებიან იდეის გარშემო: ჩაიტანონ , თავისი არსით კულტურული ფენომენი- თეატრი - იქ, სადაც არასდროს, არავინ ჩადის. თეატრისთვის არჩეული სახელი, “ბუდრუგანა”, სულხან-საბა ორბელიანის (მეჩვიდმეტე საუკუნის) ლექსიკონის მიხედვით ჭრიალით მოსიარულე ეტლს ნიშნავს—ხმაურით და ტაატით მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღწევს დანიშნულების ადგილს. თავდაპირველი გეგმა თოჯინების თეატრი იყო. მაგრამ თოჯინები ძვირი ღირდა, მაშინ კი ფული არ იყო. ბატონმა გელამ ბავშვობა გაიხსენა, ჩრდილების თამაშები, რომლებსაც ბებია ხელების მეშვეობით კედელზე აჩვენებდა. სწორედ იქ იპოვა გამოსავალი. ეს დროებითი გამოსავალი იყო, მაგრამ დაწყებისთანავე აღმოაჩინა: ‘’ეს ბევრად მაგარი იყო და ჩრდილებმა თოჯინების თეატრის შექმნის სურვილი სრულიად შთანთქა.“ - გვიამბობენ დასის წევრები.
ჩრდილების თეატრის მთელს ისტორიაში, მხოლოდ ,შიშველი’ ხელებით თამაში, ,ბუდრუგანა გაგრას’ უნიკალურ ადგილს ანიჭებს. ჩრდილების თეატრის ტრადიცია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში იღებს სათავეს.
პირველ წლებში, მართლაც რომ ჩრდილში უწევდათ მუშობა: რეპეტიციები, წარმოდგენები ვიწრო წრეში, ოფიციალური სივრცის არარსებობა. ფართო საზოგადოებამ ბუდრუგანა შემთხვევით აღმოაჩინა. ნაცნობებს მოჰყავდათ უცხოელი მაყურებლები და ერთხელაც, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი დაესწრო ,შინაურულ’ წარმოდგენას, სიტყვებს ვეღარ პოულობდა. 1991 წელს “ბუდრუგანა გაგრამ” პარიზის მარიონეტების ფესტივალისგან მიიღო მოწვევა: ეს იყო მისი პირველი გამოსვლა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და მისი პირველი სპექტაკლის პრემიერა. აღიარეს მყისიერად და აღფრთოვანებით. თარიღს, რომელიც ბედმა აირჩია, ქართველებისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. 1991 წლის 26 მაისს, როდესაც დასი პარიზში იმყოფებოდა და ტრიუმფს ზეიმობდა, საქართველომ პირველი პოსტ საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა. სოფლის ბავშვებისთვის შექმნილი ხელის ჩრდილების თეატრი სამშობლოს ელჩად სწორედ იმ მომენტში იქცა, როდესაც ეს ქვეყანა თავიდან იბადებოდა.
,,ჯერ იყო საერთაშორისო აღიარება, მერე _ სახლში’’ - ამბობს ზურა. მხოლოდ წლების შემდეგ, საქართველოს კულტურის მინისტრი, ლიეტუვაში ვიზიტისას, შემთხვევით დაესწრო ბუდრუგანას წარმოდგენას. იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ ამის შემდეგ, მათზე ტელევიზიითაც ისაუბრეს. მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა ქართულმა საზოგადოებამ ის, რაც მას ყოველთვის ჰქონდა.
ამ მოვლენებს და აფხაზეთის ომს დიდი დრო არ აშორებდათ. ქვეყნის პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან სულ რამდენიმე ხანში, ათიათასობით ადამიანი გახდა თავისივე ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირი… სწორედ ამ დროს, გელა კანდელაკი მიჰყვა თავის გულის ცემას და პირველი დასის დაშლის (რაც რთულმა ეკონომიკურმა პერიოდმა განაპირობა) შემდეგ, დააარსა მეორე, რომელიც, ძირითადად, აფხაზეთიდან წამოსული ახალგაზრდა დევნილებისგან შედგებოდა. ასწავლა მათ რეჟისურა, დრამატურგია და ჩრდილების თეატრის ტექნიკები. მას სურდა რაღაც მაინც მიეცა მათთვის , ვინც ყველაფერი დაკარგა. სწორედ აქედან, თეატრმა შეიცვალა სახელი: მას დაემატა “გაგრა”, აფხაზეთის ყველაზე ლამაზი ქალაქის სახელწოდება, როგორც ახალი წევრების წარმომავლობის პატივსაცემად, ასევე იდენტობის აღსანიშნავად. დღემდე, დასის ხუთი მუდმივი წევრიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილია.
მუსიკათმცოდნე, რომელიც თბილისის კონსერვატორიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის, დასის მუდმივი და ძველი წევრია. ის თეატრს თითქმის შემთხვევით შეუერთდა: კონსერვატორიის წყალობით ნახა წარმოდგენა და მისი ექსპრესიულობით აღფრთოვანდა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია, და რა თქმა უნდა, როდესაც შემოქმედებით პროცესზე საუბრობს, თეატრალურ ლექსიკაზე მეტად - მის მეტყველებაში მუსიკალური ტერმინების სიჭარბეა. დასის ყოველდღიური რეპეტიცია ზუსტად ამ ორიენტირებს ემყარება. ისინი ხელის ვარჯიშების რომელიმე კონკრეტულ ტექნიკას არ მიჰყვებიან, რასაც შეიძლება ცეკვის ან აკრობატიკის რეპეტიციაზე შეხვდეთ. მეორე და მესამე დასი, ჯაზური კომპოზიციების თანხლებით ,მეცადინეობდა’ , ეს საშუალებას აძლევდათ ხელები თავისუფლად აეყოლებინათ რითმისთვის და ამავე დროს ეს ,ვარჯიშები’ დისციპლინირებულიც ყოფილიყო. ბუდრუგანასთვის მუსიკაა მთავარი საყრდენი კონსტრუქცია: „ ზოგჯერ ჩრდილს მიჰყავს მუსიკა’- ამბობს ქეთევანი, - ,ზოგჯერ მუსიკა აცოცხლებს ჩრდილს. ორივე ახდენს ერთმანეთზე გავლენას’. რეპერტუარი ამბიციურია: ვივალდი, ბახი, ჯაზი. დასი სამი წელი ქმნიდა ბახის ,მათეს ვნებანს’, პარტიტურის ანალიზიდან დაწყებული- 2019-ის პრემიერამდე.
ხელის მეხსიერებას ნეირომეცნიერები ტერმინ ,პროცედურულ მეხსიერებას ’ უწოდებენ. ესაა სხეულის უნარი შეასრულოს რთული თამიმდევრული მოძრაობები ცნობიერის შუამავლობის გარეშე. ეს იგივეა, რასაც აღწერენ ვირტუოზი მუსიკოსები, მოცეკვავეები და კალიგრაფები. ზურას დიდი ხელები აქვს და თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა რომ რაიმე გამოუვიდოდა, ახლა კი გვიხსნის: “ხელის ფორმას არანაერი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა, ჩრდილების სიყვარულია, და ამის გარეშე ვერ ცხოვრება…”
ბუდრუგანა გაგრას სცენაზე ფერს ვერ ნახავთ. უკანა ფონზე სრული სიბნელეა. გვაქვს სინათლე, რომელიც მას ჭრის და თეთრ ეკრანზე ახდენს ყოველი ჟესტის ნეგატივის პროეცირებას. ეს ერთი შეხედვით მარტივი კონტრასტია, თუმცა გვარწმუნებს, რომ ფერთა პალიტრის მინიმუმამდე შემცირებას მივყავართ ინტენსივობის ზრდამდე — რომელიც გარდაიქმნება სუფთა და უბრალო ხელოვნებად. აქ ფორმისა და მოძრაობის განზომილების შესაძლებლობები სრულყოფილად მჟღავნდება. ჩრდილის ხასიათს კი ბევრი რამ განსაზღვრავს: შუქის ხარისხი და ინტენსივობა, დისტანცია ხელიდან, დახრის კუთხე. მცირე გადახრას შეუძლია მკვეთრი სილუეტი ბუნდოვნად აქციოს. “სინათლე მთვარია, შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი ელემენტია”, — განმარტავს ქეთევანი. ასეთ თეატრში განათების სპეციალისტი თანაავტორია. და მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ წარმოდგენების დროს ხმის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. “მთელი ენერგია ხელებში მიდის”, — განმარტავენ შემსრულებლები. სუსტი ბგერების გამოცემაც კი არღვევს კონცენტრაციას. შეიძლება შეაჩეროს ნაკადი, რომელიც აერთიანებს ჟესტს, რიტმსა და ჩრდილს. სწორედ აქ აქტიურდება პარეიდოლია. ოდნავ არაზუსტი ჩრდილი, მოცახცახე კონტურებით - ამ პირობებში ის იდეალურად მუშაობს. მაყურებლის ტვინი იძაბება, რომ სრული სურათი მიიღოს. და იმისთვის, რომ წარმოდგენა შედგეს ის სანახევროდ სცენაზე, სანახევროდ _ მაყურებლის გონებაში უნდა განვითარდეს. ეს აუდიტორიისგან მოითხოვს, კიდევ ერთხელ მიიღოს შეუძლებელი და შედეგად დაჯილდოვდეს სანახაობით.
ყველაზე ცნობილი დადგმაა ,წელიწადის ოთხი დრო’ –შვიდწლიანი შრომის შედეგი, რომელიც აერთიანებს ყველა ასაკის მაყურებელს. ეს პერფორმანსი წარმოადგინეს მანდოლინისტ ავი ავიტალის ინტერპრეტაციასთან ერთადაც, რომელიც ვივალდის ნაწარმოებს, ვენეციის ბაროკოს ორკესტრთან ერთად, ვიოლინოს ნაცვლად - მანდოლინაზე ასრულებს. პარალელურად, მეჩრდილეები წლებია მუშაობენ სპექტაკლზე, რომელიც ეძღვნება სულხან-საბას— იმ ლექსიკონის ავტორს, რომლისგანაც მომდინარეობს სახელი “ბუდრუგანა”.
და ეს მომავალი შემსრულებლები ალბათ უკვე მოდიან. სტუდია, რომელიც ბატონმა გელამ თეატრის ბაზაზე შექმნა, ახალგაზრდებს თითქმის ორწლიან სასწავლო პროგრამა სთავაზობს, რომელზეც ბავშვები უკვე გამოცდილ შემსრულებლებთან ერთად სწავლობენ. “ვიმედოვნებთ, რომ როდესაც დრო მოვა, ისინი ჩვენს ადგილს დაიკავებენ”. მეჩრდილეებს რუსთაველის თეატრის მცირე სცენას უთმობენ წარმოდგენებისთვის. დასს ხუთი ძველი წევრი ჰყავს, შემდგომ შემოერთებული თანამშრომლები და სტუდია პროცესის გასაგრძელებლად, სადაც ყველაფერს აკეთებენ: წარმოდგენებს, ანიმაციას, დოკუმენტურ ფილმებს. ბატონმა გელამ შექმნა სივრცე, რომელშიც ყველას ყველაფრის კეთება უნდა შესძლებოდა. სწორედ ეს კოლექტიური სული იყო, რაც აკავშირებდა სტომატოლოგის, ფსიქოლოგისა და ჟურნალისტისგან შემდგარ თავდაპირველ ჯგუფს.
ინტერვიუს ბოლოს, ზურამ გაიღიმა როდესაც ჰკითხეს, ახლა, როცა ბიუჯეტი მეტია, გადააქცევდნენ თუ არა ჩრდილების თეატრს თავდაპირველი სურვილით დაგეგმილ თოჯინების თეატრად. “არა”, — გვითხრა მან. “ბატონი გელა ამბობს, რომ როდესაც თოჯინებისთვის ფული არ ჰქონდა, ბებია გაახსენდა. ჩრდილებით დაიწყო და მიხვდა, რომ ეს ბევრად უკეთესი იყო. მას შემდეგ, არასდროს მონდომებია სხვა რამე”. მოჭრიალე ეტლი სწორედ იქიდან დაიძრა. გაჭირვებიდან, საყვარელი ბებიასგან, მისი დაღლილი, მაგრამ მტკიცე ხელებისგან. და ჯერაც არ გაჩერებულა…