ძაღლის ტვირთი

By Luca Pasquali

ეს სტატია თავდაპირველად იტალიურად დაიწერა და თარგმნილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

რუსთაველის მეტროს კიბეებზე წევს. მარცხენა გვერდი ჭუჭყიანი აქვს, ცალი ყური მაღლა აცქვეტილი, თვალები კი - თითოეულ გამვლელს ისეთი სიზუსტით აკვირდება, თითქოს ადამიანების კითხვა იმაზე კარგად შეუსწავლია, ვიდრე თავად ადამიანს ამ თვალებში რამის ამოკითხვა. თბილისში ის ერთ-ერთია, დაახლოებით ორმოცი ათასი მიუსაფარი ძაღლიდან. დღეს ღამე, როგორც ყოველ ღამეს, კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება: როგორ მივიდა ეს ყველაფერი აქამდე - და ქუჩის მეორე მხარეს, იმ თბილ შენობაში, არსებობს კი ვინმე, ვინც გადაწყვეტს, რომ დროა რაიმე შეიცვალოს?

ყვითელი მანქანის ჩრდილი

ყვითელი მანქანის ჩრდილი როგორც აღმოჩნდა - არსებობს. მაგრამ, ძალიან ცოტა, ვინც საკუთარი ფულით, საკუთარი მანქანითა და ამ ტკივილის ატანის უნარით ცდილობს გაუმკლავდეს გამოწვევას, რადგან საქართველოში მიუსაფარი ძაღლების საკითხი დიდი ხანია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და ემოციურად დატვირთულ სოციალურ პრობლემად რჩება. ეს რეალობა უცხოელებისთვის ხშირად შოკისმომგვრელია, თუმცა მათთვის, ვინც ამ გარემოში გაიზარდა, ფაქტიურად ჩვეულებრივი. მიუსაფარი ძაღლები ქალაქის ყველა ნაწილში გვხვდებიან -შეგუებულები ადამიანურ გარემოს , თუმცა მაინც მოწყვლადები . 43 წლის ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტ ნანუკა ძირტკბილაშვილს, ეს საკითხი იმ დროიდან აღელვებს, რაც თავი ახსოვს. მისთვის ეს საკითხი არა როგორც „სოციალური პრობლემა“, რომელსაც საპარლამენტო სხდომებზე განიხილავენ, არამედ როგორც ბავშვობაში დატოვებული ფსიქოლოგიური ჭრილობაა. სწორედ ამაზე საუბრისას იხსენებს ყვითელ მანქანას . საქართველოში, მისი თაობიდან თითქმის ყველას ახსოვს, რას ნიშნავს ეს ყვითელი მანქანა: ჟანგიანი მუნიციპალური სატვირთო, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქალაქებში მიუსაფარ ცხოველებს აგროვებდა, და რომლის გამოჩენაც კი საკმარისი იყო, რომ ცხოველებსა და მისნაერ ბავშვებს სუნთქვა შეჰკვროდათ.

ნანუკა ძირტკილაშვილი და მისი ძაღლი
„ჩემი ბავშვობის ტრავმა სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება,“ - ამბობს ის. „ოთხმოცდაათიან წლებში დენი არ იყო. შუაღამისას მიჰყავდათ ეს ძაღლები და გაბმული ზარივით ისმოდა მათი ხმები. ყველაფერი გაჩერებული იყო, ყველას ეძინა, ქუჩიდან ხმაური არ შემოდიოდა და ძალიან მკაფიოდ ისმოდა მათი კივილი.’’ - ის ჩერდება. ,,რადგან პატარა ვიყავი და არავინ გამიშვებდა სახლიდან, ბალიშში თავს ვრგავდი და ვკიოდი მათთან ერთად, ვცდილობდი გადამეფარა ეს ხმა, რადგან ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. თითქოს ამით რამენაირად დახმარება შემეძლო.“ - ნანუკა ძირტკილაშვილი, ცხოველთა უფლებების დამცველი

მიუსაფარი ცხოველების მიმართ საბჭოთა მიდგომა, თავისი არსით, იყო „საბჭოთა მიდგომის“ გაგრძელება - ყველაფერთან მიმართებაში, რაც არასასურვლად ითვლებოდა. „მიუსაფარი ცხოველი ნაგავთან ასოცირდებოდა,“ - ამბობს ის. ლოგიკა თანმიმდევრული და სასტიკი იყო: რაც ნარჩენად ითვლება, შეიძლება უბრალოდ მოიშორო. კლასიკური მიდგომა: გააქრო და ამას გამოსავალი დაარქვა. ნანუკა ამბობს, რომ მათ ევთანაზიასაც კი არ უკეთებდნენ, რადგან ეს სიტყვა მაინც გარკვეულ „შვებას“ გულისხმობს.

„მაშებით იჭერდნენ, ხერხემალში ამტვრევდნენ, ან ესროდნენ.“ - ნანუკა ძირტკილაშვილი

ათწლეულების შემდეგ მეთოდები შეიცვალა, თუმცა გულგრილობა დარჩა. 2008-2012 წლებში, მისი თქმით, იყო კომპანია, რომელსაც „დებიუტს“ ეძახდნენ. მეთოდი წყლით სავსე ავზი და ელექტროობა იყო. შემდეგ, აქტივისტების მრავალწლიანი ზეწოლით, საქართველო ოფიციალურად სტერილიზაციის მოდელზე გადავიდა.

„დიახ, ევთანაზია გამოიყენება, თუმცა არაოფიციალურად,“ - ამბობს ის. „სისტემა იმდენად არაგამჭვირვალეა, რომ მას ვერ ვაკონტროლებთ.“ - ნანუკა ძირტკილაშვილი

ნანუკას გორის შემთხვევაზეც ვკითხეთ - კრემატორიუმისგან ვიდეომასალა მოითხოვეს, რომელიც სურსათის სააგენტომ არ გამოაქვეყნა. მარტივ „მათემატიკაზე“ დაყრდნობით მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს. რეგიონულ თავშესაფარში მხოლოდ ერთი ვეტერინარია, თითოეული ცხოველის ევთანაზიას ოცდათხუთმეტი წუთი სჭირდება, თუმცა ძაღლების რაოდენობა, რომლებიც „გაქრნენ“, ამ ციფრებს არ ემთხვევა. მსგავსი შემთხვევები, მისი თქმით, კახეთშიც დაფიქსირდა.

ძაღლები სავალალო პირობებში

მათემატიკა ამ საკითხში

საქართველოს მდგომარეობას განსაკუთრებით ის ართულებს , რომ საქმე მხოლოდ ერთ პრობლემასთან არ გვაქვს - რამდენიმე ფენადაა ერთმანეთზე დაშენებული. ერთის მხრივ, ქუჩაში ამჟამად მცხოვრები ცხოველები - აცრილები თუ აუცრელები;(ლუკა თუ შეცვლის ამ ადგილს მივხედავთ სხვანაერად) მეორეს მხრივ პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლება, ძაღლების ქაოტური შეძენა, რომლებიც გამოუსადეგრად მიჩნევის შემდეგ ქუჩაში ხვდებიან, და მოყვარული ,სელექციონერები’ რომლებიც ლეკვებს ყოველგვარი ცოდნის გარეშე ყიდიან.

„ძაღლები მიზერულ ფასად იყიდება,“ — ამბობს ის. „არ არსებობს კონტროლი ჯიშის ტენდენციებზე, გენეტიკურ დაავადებებზე. შემდეგ ეს ძაღლები ქუჩაში ხვდებიან, რადგან ვიღაცას მათი გარეგნობა აღარ მოეწონა, ან არ აღმოჩნდა იმ ჯიშის „კლასიკური“ წარმომადგენელი, რომელსაც მყიდველი ელოდა.“ - ნანუკა ძირტკილაშვილი

შემდეგ კი მოდის კულტურული ფენა, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს: სტერილიზაციის მიმართ წინააღმდეგობა, რომელიც უცნაური და მცდარი მენტალიტეტიდან მოდის.

„პატრონებთან კომუნიკაცია ძალიან რთულია,“ — ამბობს ის. „რატომღაც ქართველები ძაღლის რეპროდუქციულ ცხოვრებას ადამიანის სექსუალურ ცხოვრებასთან აიგივებენ და სტერილიზაციას ეწინააღმდეგებიან, რაც დიდი შეცდომა და უცოდინრობაა.’’ - ნანუკა ძირტკილაშვილი

სოფლებთან დაკავშირებით ნანუკას კონტრარგუმენტები პრაქტიკულობიდან მომდინარეობს: სოფლად, იქაურ გარემოს ადაპტირებული ძაღლების ხროვა ხშირად ერთადერთი ძალაა, მგლებისა და ტურებისგან თავის დასაცავად. ამ სიტუაციაში კი პარადოქსი ისაა, რომ სწორედ იმ ცხოველის გამრავლებას ვეწინააღმდეგებით, რომელიც მათ საქონელს იცავს.

მემბრანა

ნანუკას, სახლში, სამი ქუჩიდან აყვანილი ძაღლი ჰყავს. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ, ორი დაკარგა - ერთი კიბომ იმსხვერპლა, მეორე კი თირკმლის უკმარისობამ. ამაზე ისე საუბრობს, როგორც ვსაუბრობთ ტკივილიან თემაზე, რომელზე საუბარიც, თავის სიმძიმით, დაკითხვას ემსგავსება ხოლმე. მისი სხვა ბევრი ძაღლი ქუჩაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოში არსებული „მიკედლების სისტემით“ მის სახელზე არიან რეგისტრირებულნი: თითოეულს ყურზე უნიკალური კოდი აქვს მიმაგრებული. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში წერს განცხადებას, ოფიციალურად იღებს პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ცრის ცოფზე, ამოწმებს და კვებავს მათ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მისი თანხმობის გარეშე, სააგენტოს მათი შეხების უფლება არ აქვს. ამ ცხოველებისთვის, ის არის მემბრანა ამ ქალაქში არსებობასა და მისგანვე ამოშლას შორის.

ნანუკა ძირთქილაშვილი და მონიშნული ძაღლი

ხილვადობა როგორც გამოსავალი

ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოს არ ეხება. სამხრეთ კავკასიასა და მის გარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში იგივე მემკვიდრეობა, უყურადღებობა გვხვდება, სხვადასხვა ფორმით: სავარაუდოდ, ასეთივე ყვითელი მანქანები-სხვა სახელებით, ასეთივე გაბმული კივილი შუა-ღამისას და ინსტიტუციების ასეთივე დუმილი. სომხეთში, ერევანში, დეველოპერთა ჯგუფმა ამ პრობლემას სხვა კუთხით შეხედა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიუსაფარი ცხოველები „უხილავები“ იყვნენ - იურიდიულადაც, პრაქტიკულადაც და ადამიანურადაც - იყო საერთო, ადვილად ხელმისაწვდომი რეესტრის არარსებობა. მათი გამოსავალი გახდა gerda.am, ახალჩაშვებული პლატფორმა, რომელიც თითოეულ რეგისტრირებულ მიუსაფარ ცხოველს უნიკალურ ციფრულ პროფილს ანიჭებს. ეს მოიცავს (რა თქმა უნდა , შეძლებისდაგვარად) რუკაზე ცხოველის ყველაზე ხშირი მდებარეობის მონიშვნას, სამედიცინო ისტორიას, სტერილიზაციის სტატუსს და სხვა ინფორმაციას. ამრიგად, თავშესაფარს შეუძლია ძაღლის მონაცემების განახლება, მოხალისეს - ვეტერინართან ვიზიტის აღრიცხვა, ხოლო ძაღლის აყვანის მსურველს - სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან - მთელი ისტორიის ნახვა და პროცესის დაწყება. ეს ახალი ინსტრუმენტია, რომლის კონკრეტული შედეგებიც ჯერ კიდევ არ დამდგარა , თუმცა მთავარი თავად რუკაა: ქალაქში უხილავი ცხოველების მაგიერ, რომელთა ბედი იმ ადამიანებმაც კი არ იცოდნენ, ვინც მათ კვებავს, ვიღებთ ხილვად, აღრიცხვად და კონტროლირებად პოპულაციას. თუ რეგისტრირებული ძაღლი გაუჩინარდება, მისი არყოფნა შეუმჩნეველი აღარ დარჩება. თუ ვაქცინაცია დაგვიანდება, ან სულაც გამოტოვებენ, ესეც დაუყოვნებლივ აისახება. რა თქმა უნდა, ვერც ერთი აპლიკაცია ვერ გადაჭრის ასეთ ღრმად ფესვგადგმულ და სტრუქტურულ პრობლემას, თუმცა მისი დახმარებით, რეალობა ხილვადი მაინც ხდება და რეგიონში, სადაც წლების განმავლობაში ყველაზე ჩვეული რეაქცია ცივად ,განდზე გახედვა’ იყო, ეს უკვე პატარა ამბავი სულაც არაა. კარგი პრაქტიკის სტანდარტად ხშირად სკანდინავიურ ქვეყნებს ასახელებენ. მაგალითად, ნორვეგიაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა გადაიჭრა მასობრივი სტერილიზაციითა და კასტრაციით, სავალდებულო რეგისტრაციით, მიტოვებაზე მკაცრი სანქციებითა და ორგანიზებული აყვანის პროგრამებით - შედეგად, ქუჩის ცხოველების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა, მასობრივი ევთანაზიის გარეშე. „თუ ცხოველები ქუჩაში ხვდებიან, ამბობს ის.

„ეს კაცობრიობის მარცხია. ადამიანებმა ძაღლები მოიშინაურეს და ახლა ქუჩაში აგდებენ.“ - ნანუკა ძირტკილაშვილი

პრევენცია, ნანუკას თქმით, ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე შედეგებთან ბრძოლა. თუმცა, საქართველოში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ქვეყანა დღეს დიდ თანხებს ხარჯავს არსებული მიუსაფრების ვაქცინაციასა და კონტროლზე - იმ დროს, როცა სწორ რეგულაციებს თავიდანვე მნიშვნელოვნად შეეძლო ამ რაოდენობის შემცირება. თუ რესურსები მის ხელთ იქნებოდა, პრიორიტეტულ ნაბიჯებს მკაფიო თანმიმდევრობით ხედავს: პირველ ეტაპზე - უკონტროლო გამრავლების დროებითი აკრძალვა და სავალდებულო სტერილიზაცია; შემდეგ - ცხოველების მიტოვებისა და მათზე ძალადობის კრიმინალიზება. პარალელურად კი - მასობრივი სტერილიზაციის პროგრამები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე შედეგს ვერ მოიტანს

Gerda.am-ის რუკის ინტერფეისი ერევანში

ისევ ოთახში

ამასობაში, საკანონმდებლო დონეზეც არის ძვრები. საქართველოს პარლამენტი მუშაობს ახალ კანონზე შინაური ცხოველების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ერთიან რეგისტრაციას, სავალდებულო სტერილიზაციას, მიტოვების კრიმინალიზაციას და მუნიციპალური თავშესაფრების პასუხისმგებლობას. პარალელურად, სახელმწიფომ წელს დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც 37 500 პატრონიანი ცხოველის სტერილიზაციას ისახავს მიზნად - ციფრი, რომელიც პრობლემის მასშტაბსაც აჩვენებს და იმ გზასაც, რაც ჯერ კიდევ გასავლელია. ნანუკა ყველა ამ შეხვედრას ესწრება. ინტერვიუს დღესაც შეხვედრიდან მოიჩქაროდა და შემდეგ დღესაც კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა გრაფიკში. კანონი ნელა მუშაობს, შეხვედრებიც ნელია, როგორც ბიუროკრატია- თუმცა ის იქ არის. და ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანების უმეტესობას შეუძლია, მუშაობის, სწავლის, ბავშვს გაზრდისა და პარალელურად, ბინაში, 3 მიუსაფრის ყოლის პირობებში.

ძაღლის გული-ში (ბულგაკოვი) პროფესორი ფილიპ ფილიპოვიჩი ამბობს, რომ ნგრევა საპირფარეშოებში კი არა, თავებში მიმდინარეობს: სანამ პასუხისმგებლობას არავინ იღებს სათავეში, ქვემოთ დალაგებას აზრი არ აქვს. სწორედ ამ ხაფანგშია მოქცეული საქართველო , უკვე ათწლეულები- აცრები, გადაყვანა, ევთანაზია, მაგრამ არასდროს კითხვა: საერთოდ, რატომ აღმოჩნდნენ ეს ძაღლები ქუჩაში? საქართველო ახლა გარდამავალი პეროიდის სადღაც შუაშია: აღარ ესვრიან ძაღლებს სიბნელეში, მაშებითაც აღარ ამტვრევენ, მაგრამ ჯერ არ მიუღწევია იმ წერტილამდე, რომელშც არც ერთი ძაღლი არ ამოყოფს თავს ქუჩაში.

„იმედი მაქვს, ათ წელიწადში ქუჩაში აღარ იქნება არც ერთი მიუსაფარი ცხოველი,“ - ამბობს ის. „არა იმიტომ, რომ გაანადგურებენ. არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ აღარ მოხვდებიან იქ.“ - ნანუკა ძირტკილაშვილი

მეტროს კიბეებზე მწოლიარე ძაღლი პოზას იცვლის. ერთი ყური კვლავ აწეული აქვს. ადამიანებთან ათასწლოვანი თანაცხოვრების შედეგად შეძენილი უნარებით, სრულყოფილი სიზუსტით აფასებს გამვლელების ნაბიჯებს, ასაკს, განწყობას და საკვების მიღების ალბათობას. ეს ცხოველები სიცივისგან ვიხსენით - ჩვენ საჭიროებას მივაჩვიეთ. მოშინაურების პირველი აქტი ერთგვარი დაპირება იყო. იმდენად ძველი, რომ დღეს თითქმის აღარც გვახსოვს... ძაღლს - ახსოვს.

ტრანსკრიფტი შესრულებულია ლიდია დავიდოვის მიერ. ქართული თარგმანი — ლიდია დავიდოვი.