ქართული კულტურის გული - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და მისი უნიკალური მემკვიდრეობა

By Davide Demichele

ეს სტატია თავდაპირველად იტალიურად დაიწერა და თარგმნილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

XIX საუკუნის ქართველი მწერლის, პოეტის, გამომცემლისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (2025 წლის 25 მარტიდან „სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა“) დღესდღეისობით წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ბიბლიოგრაფიულ საცავს და გახლავთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ცენტრი. ბიბლიოთეკისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭება შემთხვევითი არ არის; იგი ასახავს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის და წარსულისგან, სახელდობრ - საბჭოთა და თანამედროვე რუსეთის გავლენისგან დისტანცირების სურვილს.

ილია ჭავჭავაძე მიჩნეულია ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ხშირად მოიხსენიება როგორც „ერის მამა“. იგი არის ინტელექტუალის მაგალითი, რომელმაც შეძლო კულტურის, განათლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა. ის გახლდათ ისეთი გაზეთების/პერიოდული გამოცემების დამაარსებელი და რედაქტორი, მათ შორის „ივერიას“, რომლებიც ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პოზიციის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს წარმოადგენდნენ. სამი სიტყვისგან შეკრა ისეთი ლოზუნგი, რომელიც დღესაც არაამქვეყნიური ძალის მატარებელია: „ენა, მამული, სარწმუნოება“. ეს ფორმულა ლაკონურად გვისახავს ქართული ეროვნული იდენტობის სამ დედაბოძს - ენას, როგორც კულტურულ საფუძველს; მამულს, როგორც საერთო ისტორიულ-პოლიტიკურ სივრცეს; და სარწმუნოებას, როგორც სულიერი გადაჯაჭვულობის ძალას. ამ კონტექსტში ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც ქვეყნის წერილობითი მემკვიდრეობის მთავარი დამცველი, განაგრძობს იმ მისიას, რომელსაც ილია მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა.

სურათი 1. ილია ჭავჭავაძე, 1900. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.

თუ ბიბლიოთეკის შენობათა კომპლექსით დავინტერესდებით, ექვს კორპუსს აღმოვაჩენთ, რომელთაგან სამი განსაკუთრებული ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობისაა. გამორჩეულია პირველი კორპუსი, რომელიც 1913-1916 წლებში აშენდა სათავადაზნაურო ბანკისთვის და 1931 წელს ბიბლიოთეკის ნაწილი გახდა.

ის დააპროექტა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა, ხოლო ინტერიერის მოხატულობის და დეკორის ავტორი - მხატვარი ჰენრიხ ჰრინევსკი იყო. ორივე მათგანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის აღიარებული სპეციალისტი იყო და მათი შერჩევა მიზნად ისახავდა შენობისთვის მკვეთრად ტრადიციული იერსახის მინიჭებას - რასაც თავად ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი გვამცნობს.

შენობაში შემორჩენილი დეკორატიული ელემენტები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ დღეს. რამდენადაც ჰრინევსკის (ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახში დაბადებული პოლონელ-ქართველი მხატვარი) ნამუშევრების დიდი ნაწილი განადგურდა სტალინის მიერ ორგანიზებული „დიდი ტერორის“ (1936–1938) დროს, რასაც თან სდევდა მხატვრის დაპატიმრების და დახვრეტის ეპიზოდი.

სურათი 2. ჰენრიკ ჰრინევსკის დეკორატიული ნამუშევრების ნარჩენები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი შენობა №1-ში. ფოტო: ანდრეა მორილო.

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობების ძირითადი კომპლექსი „წიგნის მუზეუმის“ სახლიცაა, რომელიც 2017 წელს გაიხსნა. ეს არის პირველი ასეთი მუზეუმი საქართველოში, მოიცავს 10 000-ზე მეტ ექსპონატს, მათ შორის წიგნებსა და ხელნაწერებს. კავკასიაში ამ ტიპის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. მუზეუმში დაცულია მრავალი ცნობილი მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის და გიორგი ჩუბინაშვილის.

ამ კოლექციის ნამდვილ საგანძურზე, უდიდესი მნიშვნელობის უნიკალურ გამოცემებზე, როგორიცაა „Dittionario“ და „Syntagmatōn linguarum orientalium quae in Georgiae regionibus audiuntur“, ვისაუბრეთ წინა სტატიაში.

ზემოთხსენებულთა გარდა, მუზეუმში დაცულია სხვა უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებიც. ერთ-ერთი მათგანია „სახარება“ - პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა საქართველოში 1709 წელს, ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ პირველ სტამბაში. ოთხთავის ტექსტი დაბეჭდილია ნუსხა-ხუცურით.

სურათი 3. „სახარება“ (Gospel Book), საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი. წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

წიგნი იწყება წინასწარმეტყველებით და ვახტანგ VI პორტრეტიცაა გამოსახული. სახარების გამოცემა დაევალა მიხაი იშტვანოვიჩს, რომელიც იყო რუმინეთიდან მოწვეული სპეციალისტი და ანთიმოზ ივერიელის მოწაფე. ის გახლდათ პოლიტიკურ და საეკლესიო წრეებში მნიშვნელოვანი ფიგურა- რუმინეთში პირველი სტამბის დამაარსებელი. გამოცემა კი მდიდარია მინიატურებითა და რელიგიური გამოსახულებებით.

მუზეუმში დაცულია ასევე „აიათი“ („ცოდნის წიგნი“), რომელიც 1721 წელს დაიბეჭდა მხედრული დამწერლობით და აერთიანებს ასტრონომიას, გეომეტრიასა და ფილოსოფიას. ეს ნაშრომი ვახტანგ VI-ის ძალისხმევის შედეგია - სპარსეთში შაჰის ტყვეობაში ყოფნისას , ქართული კულტურის გასამდიდრებლად, გათარგმნა ეს სამეცნიერო ტექსტები და რამდენიმე თხზულებაც.

სურათი 4. „აიათი“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი. ფოტო ავტორის მიერ.

წინასიტყვაობაში მეფე ენთუზიაზმით აღნიშნავს, რომ სურდა ახალგაზრდებს საკუთარ ენაზე ფილოსოფიურად ეაზროვნათ: „ისწავონ და წადიერ იყვნენ ფილოსოფოსობისად და ინებონ და შეასრულონ ქართულისა ენითა ფილა[სო]ფოსობაო“. რამდენიმე ფურცელი ცარიელი დატოვეს, რამდენადაც მაშინდელი ბეჭდვის დონე არ იყო სათანადო. წიგნის ნახაზები ხელითაა შესრულებული, რაც თითოეულ ეგზემპლარს უნიკალურს ხდის. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ როდესაც ეს წიგნი საქართველოში დაიბეჭდა, მისი სპარსული ორიგინალი ჯერ კიდევ არ იყო ნაბეჭდი- მხოლოდ ხელნაწერი სახით არსებობდა.

და ბოლოს, მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემას „ვეფხისტყაოსანი“. მუზეუმში ამ პოემის გამოცემებისთვის (მათ შორის უცხო ენებზე თარგმნილი) ცალკე ოთახია გამოყოფილი.

სურათი 5. „ვეფხისტყაოსანი“ („The Knight in the Panther’s Skin“), საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი. ფოტო ავტორის მიერ.

ბევრისთვის ცნობილია, რომ შოთა რუსთაველის მიერ XII საუკუნეში შექმნილი ნამუშევარი ქართული ლიტერატურის უდიდეს შედევრად ითვლება. პოემა შედგება დაახლოებით 1 600 სტროფისგან (ოთხტაეპიანი). შაირის სტილის მეტრული ფორმისგან, რომელიც რუსთაველის ნამუშევრის წყალობით გახდა ცნობილი და ეწოდება „რუსთველური შაირები“.

მიუხედავად იმისა, რომ პოემა ვითარდება წარმოსახვით ინდოეთსა და არაბეთში, სინამდვილეში ეს მოვლენები თამარ მეფის საქართველოს (1184–1213) დახვეწილი ალეგორიაა. ეგზოტიკურ ლანდშაფტებს უკან საქართველოს ქარიზმისა და დიდების ხმა ისმის - ეს მისი ოქროს ხანაა. სწორედ ამ პერიოდში, თამარ მეფის დროს, ქვეყანამ მიაღწია პოლიტიკური ძალაუფლების, სიმდიდრისა და კულტურული ავტორიტეტის პიკს.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ინახავს ამ უზარმაზარ მნიშვნელობის ნამუშევრის პირველ ბეჭდურ გამოცემასაც!

ერთი-ერთი განსაკუთრებული გამოცემის ისტორია კი დაკავშირებულია გიორგი ქართველიშვილის (1827–1901) ფიგურასთან - XIX საუკუნის გავლენიან ქართველ მეწარმესა და ფილანტროპთან. რუსული იმპერიის ოკუპაციის პერიოდში, ქართველიშვილი გამოირჩეოდა ეროვნული კულტურის მხარდაჭერისა და დაცვის საქმეში შეტანილი წვლილით.

1884 წელს მან დააფინანსა ,,ვეფხისტყაოსნის ავთენტური ტექსტის დამდგენი კომისია“. მისი წევრები იყვენენ ეპოქის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფიგურები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია.

ამ შემთხვევისთვის შვეიცარიაში ჩამოისხა თავასოები. გრიგოლ ტატიშვილის დეკორაციები შთაგონებული იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების ტრადიციული მოტივებით, ხოლო ილუსტრაციები უსასყიდლოდ შექმნა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ, რომელიც იმ პერიოდისთვის რუსეთის მეფის კარის მხატვარი იყო.

ამგვარად, 1888 წელს თბილისში დაიბეჭდა ვეფხისტყაოსნის პირველი აკადემიური გამოცემა, რომელსაც მოგვიანებით უწოდებენ „ქართველიშვილის გამოცემას“. გიორგი ქართველიშვილმა მთელი პირველი ტირაჟი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა საჩუქრად. ამის მიზანიც, რა თქმა უნდა ეროვნული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი შედევრის გავრცელება და აღიარება გახლდათ.

🤖 Use of AI tools
  • არ არის გამოყენებული AI