აზბესტი საქართველოში - შეუმჩნეველი საფრთხე
აზბესტი: ერთი მასალა, მრავალი გამოყენება. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ამ გამორჩეულ ნივთიერებას მრავალფეროვანი საჭიროებებისთვის იყენებდნენ. მართლაც, მისი ბუნებრივი თვისებები მას ძალიან მრავალმხრივს და სხვადასხვა კონტექსტში გამოსაყენებლად შესაფერისს ხდის. სამწუხაროდ, მისი შთამბეჭდავი მახასიათებლების უკან იმალება რეალობა, რომელიც დღესდღეისობით უკვე ფართოდ არის ცნობილი, თუმცა უგულებელყოფილია მათ მიერ, ვინც მისგან კვლავ იღებს სარგებელს.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) 1977 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშით პირველი დოკუმენტირებული შემთხვევიდან (ნელი კერშოუს აზბესტოზი) 50 წელზე მეტის შემდეგ - საბოლოოდ დადასტურდა, რომ აზბესტი, ნებისმიერი ფორმით, ადამიანისთვის კანცეროგენურია! ამ დასკვნას, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მოჰყვა აზბესტის ეტაპობრივი აკრძალვა. თუმცა, ამით პრობლემა არ მოგვარებულა. აზბესტი კვლავ ფართოდ არის გავრცელებული, როგორც უკვე არსებული მასალების ეფექტიანი განადგურების გეგმის არარსებობის გამო, ასევე იმიტომ, რომ იგი ჯერ კიდევ იწარმოება ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ყოველწლიურად, მაღაროებში ასიათასობით ტონას მოიპოვებენ. რუსეთის ეკონომიკაში აზბესტის ექსპორტი მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მსოფლიო ინტეგრირებული სავაჭრო გადაწყვეტის (WITS) მონაცემების მიხედვით 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ 600,000 ტონაზე მეტი აზბესტი გაიტანა ექსპორტზე.
მოდით მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ - პირველ რიგში, რა არის აზბესტი?
ხშირად, გავრცელებული წარმოდგენები მცდარია. ტერმინი აზბესტი აღნიშნავს სილიკატების ჯგუფში შემავალი ბუნებრივი მინერალების ნაერთს. ეს მინერალები შედგება გრძელი და თხელი ბოჭკოებისგან და გამოირჩევა სიმტკიცით, გამძლეობით, ცეცხლგამძლეობით, ხმის შთანთქმითა, თბოიზოლაციის უნარით და ჟანგის მიმართ მედეგობით.
რატომ არის ის საშიში?
საშიშროება დაკავშირებულია იმ თავისებურებასთან, რომ აზბესტის შემცველი მასალები ჰაერში გამოყოფენ წვრილ ბოჭკოებს. საკმარისია ის ჩავისუნთქოთ, რომ ისინი აღწევენ ფილტვების სიღრმეში და სწორედ თავისი რეზისტენტულობის წყალობით, ორგანიზმი მათგან ვერ თავისუფლდება. ქსოვილებში მათი დაგროვება იწვევს ქრონიკულ ანთებას, დროთა განმავლობაში ცვლის უჯრედების დნმ-ს და სიმსივნურ ცვლილებებსაც უწყობს ხელს.
აზბესტით გამოწვეული დაავადებები ხასიათდება ძალიან ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით - ისინი შეიძლება გამოვლინდეს მინერალთან შეხებიდან 30-40 წლის შემდეგაც კი. დაავადების განვითარების რისკი დროთა განმავლობაში იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ აზბესტის ბოჭკოებთან ნებისმიერმა კონტაქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადებების განვითარებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც თავდაპირველი ზემოქმედებაა. რესპირატორული დაავადებებისა და ფილტვის კიბოს გარდა, აზბესტის ბოჭკოებთან შემხებლობა სხვა ორგანოების, კუჭისა და საყლაპავის კიბოსთანაცაა დაკავშირებული, ასევე სხვა არსიმსივნურ დაავადებებთანაც.
ამიტომაც, რაც უფრო მყიფეა მასალა , მით უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ჭერის პანელებთან- განსაკუთრებით ძველი წარმოების - უბრალო შეხებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მათი დაფშვნა და ჰაერში გაიფრქვეს მტვერი. ამიტომ, მათი თვითნებურად მოხსნა ან შეკეთება დაუშვებელია - ჩვეულებრივი პირბადეც კი არ გვიცავს საკმარისად. ამ დროს საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ადამიანს, ვინც უშუალოდ ასრულებს სამუშაოს, არამედ ახლოს მდგომ პირებსაც, რადგან გარემოში სახიფათო ნაწილაკები შეიძლება მარტივად - ტანსაცმლითა და თმით გავრცელდეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად 200,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება აზბესტის ბოჭკოების ჩასუნთქვის შედეგად. რომ არაფერი ვთქვათ იმ საგანგაშო რიცხვებზე რომლებიც აზბესტთან ასოცირებული დაავადებების მატარებლებს უკავშირდება.
როგორ მივედით აქამდე?
უძველესი რომაელებიც კი იცნობდნენ და იყენებდნენ აზბესტის განსაკუთრებულ თვისებებს. მისი ბოჭკოვანი სტრუქტურა და ცეცხლგამძლეობა აძლევდათ არა მხოლოდ ტანსაცმლის და სუფრების წარმოების საშუალებას, არამედ კრემაციის რიტუალისთვის დაკრძალვის საფარებსაც ქმნიდნენ. რადგან ეს სახვევები არ იწვებოდა, ისინი იცავდნენ ფერფლს „დაბინძურებისგან“. შემთხვევითი არ არის, რომ თავად სახელი მოდის ბერძნული „asbestos“-დან, რაც ნიშნავს „მარადიულს“ ან „აუნთებელს“.
მაგრამ აზბესტის გამოყენება ინდუსტრიულ მაშსტაბებამდე მხოლოდ 19 საუკუნის ბოლოს გაიზარდა და წარმოების ნამდვილ ბუმს მიაღწია. რამდენიმე ათწლეულში ეს მასალა ათასობით პროდუქტში გამოიყენებოდა - ფილტრებში, მუხრუჭებში, გამჭედებში და სხვა. თავისი ბუნებრივი თვისებების წყალობით, აზბესტმა მშენებლობაში ჰპოვა ყველაზე დიდი გამოყენება: თბოიზოლაციის, ცეცხლგამძლეობა ხმის იზოლაციის და არაჩვეულებრივი მედეგობის წყალობით მას იყენებდნენ ბათქაშში, ჭერებში და იატაკებში.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი გამოყენება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ავსტრიელმა ლუდვიგ ჰატშეკმა შექმნა eternit. ესაა აზბესტისა და ცემენტის ნარევი, რომლის მასობრივი ინდუსტრიული წარმოება დაუკავშირდა ისეთ სამშენებლო მასალებს, როგორიცაა მილები, წყლის ავზები, ბუხრები და გავრცელებული „ტალღოვანი ფილები“, რომლებიც დღემდე ფართოდ გამოიყენება გადახურვებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
eternit შედარებით უფრო გამძლეა და ნაკლებად მსხვრევადი, შესაბამისად - საშიშროებაც ნაკლებია. მაგრამ, დროისა და გარე ფაქტორების წყალობით იგი აუცილებლად იწყებს დაშლას, გამოყოფს მავნე მტვერს, რაც იწვევს ზემოთხსენებულ შედეგებს.
ცხადია, საქართველოში აზბესტისა და ეტერნიტის ესოდენ ფართო გავრცელება როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ყველაზე გავრცელებული და ადვილად ამოსაცნობი აზბესტის შემცველი პროდუქტი დედაქალაქში ე.წ. ტალღოვანი ფილებია. როგორც მე-2 სურათზეა ნაჩვენები, ისინი ხშირად გვხვდება სახლების სახურავებზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი გამოყენებაა. მათ ასევე ნახავთ კორპუსებზე - აივნების მოაჯირების ’დაფარვის’ მიზნით.
ამ პრაქტიკის საფრთხეები ნათელია: ფილების დამაგრებისთვის აუცილებელი ნახვრეტები, მათი სიმაღლეზე განთავსება, გარემოს ზემოქმედება ხელს უწყობს მათ დაზიანებას და მტვრის გავრცელებას.
სოფლებში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. რადგან უმეტესად ვხვდებით სურათს, რომ ,მთლიანი სოფელი’ ეტერნიტითაა აშენებული. ისევ და ისევ, მასალა განსაკუთრებული სიხშირით სახურავებზე გვხვდება.
ქვეყანაში ამ მასალის საშიშროების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე შეიძლება ქმნიდეს უკვე განხილულ საფრთხეებზე მეტ რისკ-ფაქტორებს. ვინაიდან აზბესტი და ეტერნიტი უმეტესად ძველი შენობების განუყოფელი ნაწილია, უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით ჩატარებულმა სარემონტო ან სადემონტაჟო სამუშაოებმა, შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ნაწილაკების გამოყოფა, შედეგად - მთელს მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელება.
საგულისხმოა , განხილული საკითხი წარმოადგენს პრობლემის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ხშირად ნაკლებად შესამჩნევია (მაგალითად, ავტომობილს სამუხრუჭე ფირფიტებში გამოყენებული აზბესტის შემთხვევაში). ცხადია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა წამოიწყონ ინფორმაციის გავრცელების და ცნობიერების ამაღლების კამპანია აზბესტის უკვე კარგად ცნობილი რისკების შესახებ. ამ ინიციატივას თან უნდა ახლდეს მიზნობრივი ძალისხმევა მასალების დემონტაჟის და სათანადოდ გატანის მიმართულებით. საჭიროა ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც პრობლემის მასშტაბურობის გამო ალბათ რთული იქნება, მაგრამ მაინც აუცილებელი და გადაუდებელია!
- ✓ არ არის გამოყენებული AI