ვინც ხალხის გვერდით დგას „კარიტას საქართველოს“ საქმიანობა

By Davide Demichele

ეს სტატია თავდაპირველად იტალიურად დაიწერა და თარგმნილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საკუთარ ცხოვრებაში, პრობლემებში ჩაფლულები, ან უბრალოდ იმიტომ, საზოგადოებისგან მოწყვეტილებს, გვიჭირს ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა - ვერც კი ვამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი დახმარების გარეშე, იბრძვის ელემენტარული, საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებისათვის. მთელ მსოფლიოში, სიღარიბისა და გაჭირვების გარდა, ბევრი ინდივიდისთვის სხვა რეალობა არც არსებობს. სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ, მისი შეცვლისა და ამ ცვლილების გრძელვადიანად და მნიშვნელოვნად განხორციელების სურვილით იქმნება ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „კარიტასი“.

რა თქმა უნდა, „კარიტასი“ არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებულებს. შეცდომა იქნებოდა არ აღგვენიშნა მრავალი სხვა - ხშირად უფრო მცირე და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილი ორგანიზაცია, რომლებიც ყოველდღიურად თავიანთ დროს, ენერგიასა და რესურსებს უთმობენ მოწყვლადი ჯგუფებისა და თემების ცხოვრების გაუმჯობესებას. მათი მუშაობა ხშირად ჩუმია, თუმცა - შეუცვლელი. მიუხედავად ამისა, თავისი ვალდებულებების მასშტაბითა და გლობალური ქსელის სიფართოვით, „კარიტასი“ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ჰუმანიტარულ ორგანიზაციად ითვლება. ეს არის ინსტიტუცია, რომელმაც სხვების სამსახური არა მხოლოდ თავის მისიად, არამედ არსებობის მთავარ აზრად აქცია.

„კარიტასი“ სათავეს 1897 წლიდან იღებს, როდესაც იგი გერმანიაში ლორენც ვერტმანის ინიციატივით დაარსდა. იგი დაარსდა მარტივი, მაგრამ ფუნდამენტურად ტრანსფორმაციული იდეით: რწმენა უნდა გამოიხატოს კონკრეტული მოქმედებებით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების სამსახურითა და მხარდაჭერით. თავდაპირველად გერმანიის ეროვნული წამოწყებამ, ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი მოანდომა, რომ გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტად გადაქცეულიყო. ამის კულმინაცია კი 1954 წელს „კარიტას ინტერნაციონალისის“ (Caritas Internationalis) დაარსება გახლდათ.

დღეს, დაარსებიდან 70 წელზე მეტი გავიდა და „კარიტას ინტერნაციონალისი“ აერთიანებს 162-ზე მეტ ეროვნულ წევრ ორგანიზაციას, რომლებიც 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ოპერირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი გლობალური ჩარჩოს ქვეშ არიან გაერთიანებულნი, თითოეული ეროვნული ორგანიზაცია დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებს. გლობალურ კონფედერაციასა და მის ეროვნულ წევრებს შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს შვიდი რეგიონული ორგანო, რომლებიც მხარს უჭერენ ეროვნულ ორგანიზაციებს ტექნიკური ექსპერტიზის გაწევით, კოორდინაციის ხელშეწყობითა და შესაბამის რეგიონებში თანამშრომლობის გაძლიერებით: კარიტას აფრიკა, კარიტას აზია, კარიტას ევროპა, კარიტას ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი, კარიტას ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, კარიტას ჩრდილოეთ ამერიკა და კარიტას ოკეანეთი.

ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ ეროვნულ წევრ ორგანიზაციაზე, რომელიც არის როგორც „კარიტას ინტერნაციონალისის“ კონფედერაციის, ისე „კარიტას ევროპის“ რეგიონული ქსელის ნაწილი: ეს გახლავთ „კარიტას საქართველო“.

სურათი 1. „კარიტას საქართველოს“ ლოგო.

კათოლიკური ეკლესიის მიერ დაარსებული „კარიტას საქართველო“, უპირატესად , მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საზოგადოებისთვის განვითარდა, სადაც კათოლიკური თემი მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენს. ამ განსხვავებულმა რელიგიურმა ლანდშაფტმა ჩამოაყალიბა ორგანიზაციის ინსტიტუციური გარემო და, გარკვეულწილად, მისი ზრდის გზაც. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის კარიტასისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ფუნქციონირებენ რამდენიმე ეპარქიისა და უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურების მეშვეობით, „კარიტას საქართველო“ ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი ეროვნული ორგანიზაცია, რომელმაც თავისი მუშაობა ქვეყნის სოციალურ და რელიგიურ კონტექსტს მოარგო.

1994 წელს დაარსებული ორგანიზაციის პირველადი მიზანი იყო იმ ადამიანების დახმარება, რომელთა ცხოვრებაზეც მძიმე გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირის დაშლამ. მართლაც, ამ მოვლენის კვალდაკვალ, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბისა და გაურკვევლობის წინაშე, რადგან მზარდმა უმუშევრობამ, შიდა კონფლიქტებმა და ამ ყველაფრის შორსმიმავალმა სოციალურმა და ეკონომიკურმა შედეგებმა ქვეყანა სრულიად შეცვალა.

ის, რაც დაიწყო როგორც ჰუმანიტარული პასუხი პოსტსაბჭოთა კრიზისზე, გადაიზარდა მრავალასპექტიან ორგანიზაციად, რომელიც მუშაობს სოციალური სექტორების ფართო არეალში: დაწყებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვიდან, განათლებით, მიგრაციითა და ადგილობრივი თემების გაძლიერებით დასრულებული; წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით უამრავი პროექტი განხორციელდა. მიმდინარე ინიციატივებს ახლოდან რომ გავცნობოდით, ვესაუბრეთ თემისა და მოხალისეობის პროგრამის ხელმძღვანელ, მინდია თავხელიძეს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი თბილისში მდებარეობს, მისი საქმიანობა დედაქალაქის ფარგლებსაც საკმაოდ სცდება. ქუთაისი, ბათუმი, გორი - ეს მხოლოდ რამდენიმე ადგილია, სადაც „კარიტას საქართველო“ თავის პროექტებს ახორციელებს. ქუთაისსა და გორში ორგანიზაცია მართავს ორ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც არაფორმალური განათლების აქტივობები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პროაქტიული მიდგომის ჩამოყალიბებას. ამ ახალგაზრდებიდან, ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, კარიტასი კი ცდილობს მათ მათ უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმაროს. მაშინ, როცა ქუთაისის ე.წ. „ბავშვთა დღის ცენტრი“-ს ყურადღება მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზეა მიმართული, რათა მოახდინოს სკოლის მიტოვების პრევენცია და არასრულწლოვანთა დანაშაულის რისკი შეამციროს, გორის „ახალგაზრდული სივრცე“ 12 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივ ახალგაზრდებს სთავაზობს წვდომას არაფორმალურ განათლებაზე, პიროვნული განვითარების შესაძლებლობებსა და უსაფრთხო გარემოს სოციალური ურთიერთობისთვის. სხვადასხვა პროგრამებისა და ინიციატივების მეშვეობით, ცენტრი ხელს უწყობს სწავლას, კრეატიულობასა და აქტიურ მონაწილეობას. მის ძირითად აქტივობებს შორისაა STEM კლუბი, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკული გამოცდილებით აცნობს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ადგილობრივ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ცენტრი ასევე ახორციელებს პიროვნული განვითარებისა და კარიერაზე ორიენტირებულ პროგრამას, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებს თავიანთი მიზნების იდენტიფიცირებაში, კარიერული შესაძლებლობების აღმოჩენასა და დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო უნარების შეძენაში.

აქტივობები ბავშვთა დღის მოვლის ცენტრში Sunflowers. წყარო: Caritas Georgia-ის ვებგვერდი.

მეორეს მხრივ, ბათუმში, „კარიტას საქართველო“ მართავს თავშესაფარს, რომელსაც გაჭირვებულმა ადამიანებმა შეუძლიათ მიმართონ თავიანთი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამავე რეგიონში მშენებლობის პროცესშია რამდენიმე საოჯახო ტიპის სახლი. ეს დაწესებულებები მზრუნველობას გაუწევენ ობოლ ბავშვებსა და იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ. თბილისის რეგიონში, მიმდინარე პროგრამებს შორის ცენტრალური ადგილი მიგრაციასთან დაკავშირებულ პროექტებს უკავია. ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ გატარებული პერიოდის შემდეგ ნებაყოფლობით თუ იძულებით ბრუნდებიან ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყონ რეინტეგრაციის შეუფერხებელ პროცესს. ეხმარებიან როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ეკონომიკურ დონეზე. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ხორციელდება ე.წ. „მოსმენის ცენტრების“ ქსელის მეშვეობით, ხოლო ეკონომიკური და სოციალური რეინტეგრაციის ღონისძიებები მიმართულია პრაქტიკულ საჭიროებებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისკენ. მხარდაჭერის პროცესი ზოგჯერ გამომგზავრებამდეც კი იწყება, წინა სამგზავრო კონსულტაციებით. საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ბენეფიციარებს სთავაზობენ აეროპორტში დახვედრის სერვისს და გადაუდებელ საცხოვრებელს. შემდგომი დახმარება მოიცავს პროფესიულ სწავლებასა და დასაქმების მხარდაჭერას, აგრეთვე დახმარებას მათთვის, ვისაც სურს საკუთარი მიკრობიზნესის დაწყება. ასეთ შემთხვევებში, ბენეფიციარებმა შეიძლება საქონელი და აღჭურვილობა მიიღონ თავიანთი საწარმოების ასამუშავებლად. დამატებითი სერვისი მოიცავს იურიდიულ, ადმინისტრაციულ და სამედიცინო დახმარებას, სპეციალიზებული მხარდაჭერით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვნებისთვის. მთლიანობაში, მხარდაჭერა შეიძლება გაგრძელდეს დაბრუნებიდან 12 თვემდე, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ დახმარებას რეინტეგრაციის პერიოდში. ორგანიზაცია ასევე მუდმივად თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგალითად, საჯარო სკოლებთან, რაც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების/მოსწავლეების ეფექტურ და შედეგიან ინტეგრაციას სასკოლო განათლების სისტემაში. „კარიტას საქართველოს“ საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური დახმარებითა და ეკონომიკური გაძლიერებით, ის ასევე ვრცელდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩაბმაზე. ქვეყნის სამხრეთით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები 7 კილომეტრამდე სიგრძის წყლის მილსადენის გასაყვანად. ეს ჩართულობა მიზნად ისახავს წყლის ქრონიკული დეფიციტის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აფერხებდა მიწების მორწყვასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას.

წყალსადენის მილსადენების მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი, საქართველო. წყარო: Caritas Georgia-ის ვებგვერდი.

ეს და მრავალი სხვა პროექტი, ქმედება და ამასთან ერთად იმედი, არის ის დახმარების ხელი, რომელსაც „კარიტასის“ პერსონალი და მოხალისეები ყოველდღიურად აწვდიან მათ, ვინც თავიანთ ხელს სწორედ მსგავსი დახმარების მისაღებად იშვერს. იქნება ეს სოციალური დახმარების, ჯანდაცვის, განათლების, მიგრაციის სერვისების, ეკონომიკური გაძლიერების თუ ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, ორგანიზაცია პასუხობს როგორც მოწყვლადი თემების დაუყოვნებელ საჭიროებებს, ასევე სტრუქტურულ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ გრძელვადიან კეთილდღეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივები განსხვავდება მასშტაბითა და ფოკუსით, მათ აქვთ საერთო მიზანი: ინდივიდებისა და თემების მდგრადობის გაძლიერება სტაბილური სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის პირობების შექმნით.

მიუხედავად ორგანიზაციის მუშაობის შედეგიანობისა, სიღარიბის ძირეული მიზეზები კვლავ უძრავია. უმუშევრობა, განათლების ნაკლებობა, იზოლაცია და შიდა კონფლიქტები იმ მრავალ ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორთა შორისაა, რომლებიც კვლავ ამწვავებენ მოწყვლადობის პრობლემას და უამრავ ადამიანს ტოვებენ როგორც ეკონომიკური დახმარების, ისე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საჭიროების წინაშე. როგორც მინდიამ აღნიშნა, გამოწვევის მასშტაბები კარგად ჩანს თბილისში, სადაც, სავარაუდოდ, ასიათასობით ადამიანს სჭირდება დახმარება. აღარაფერს ვამბობთ სოფლად მცხოვრებ რეგიონებზე, სადაც პრობლემა, პროპორციული თვალსაზრისით, კიდევ უფრო დიდია. ამ საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს მუდმივ, გრძელვადიან ძალისხმევას. თუმცა, ამ საქმიანობის მომავალი გარანტირებული სულაც არ არის. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ფინანსური გაურკვევლობის კონტექსტში, სადაც როგორც შიდა შეზღუდვებმა, ისე გარე პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ფუნქციონირებაზე. ვინაიდან მათი საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია შემოწირულობებსა და საერთაშორისო გრანტებზე, დაფინანსების ნებისმიერმა შემცირებამ შეიძლება სწრაფად დააყენოს პროგრამები და სერვისები სერიოზული წნეხის ქვეშ. როდესაც რომელიმე ორგანიზაცია წყვეტს თავის საქმიანობას ან ამცირებს მუშაობას, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ვინც ნამდვილად ზარალდება, ეს ის ადამიანებია - რომლებისთვისაც დახმარებისთვის გამოწვდილი ხელის გარეშე ადამიანური ღირსება დიდ გამოცდას გადის. ასეთ სიტუაციაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია როლის შესრულება. მოხალისეობის თუ მხარდაჭერის სხვა ფორმების მეშვეობით, ყველას შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ან, თვალი მაინც უნდა გავახილოთ და ვაღიაროთ, რომ ცოტას კეთილდღეობა ვერ გაამართლებს სხვების გაჭირვებას; ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი კარგავს თავის ღირსებას, ჩვენც ვკარგავთ მას. ამით მივხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია იმათი შრომა, ვინც ცდილობს შეცვალოს რეალობა უკეთესობისკენ, და ნაცვლად იმისა, რომ აბუჩად ავიგდოთ მათი ქმედებები- როგორც ამას ზოგიერთები ცდილობენ, ხიდების მაგიერ ბარიერების შექმნით - ჩვენ თავად დავიწყებთ ამ ხიდების შენებას.