რომი, როგორც ქართული ბეჭდვის მოულოდნელი აკვანი
იტალიის და საქართველოს მიწებს შორის გეოგრაფიული და ისტორული მოზაიკაა წარმოდგენილი, რომელიც ბალკანეთიდან იწყება და ოსმალური სამყაროს მემკვიდრეობამდე, დღევანდელ თურქეთამდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან, გეოგრაფიულ მანძილს არასოდეს შეუშლია ხელი ამ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობის განვითარებისთვის. ქვეყანა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ხიდის როლს დღესაც ასრულებს, საუკუნეების განმავლობაში უამრავ მოგზაურს მასპინძლობდა იმ ტერიტორიებიდან, რომელსაც დღეს იტალია ეწოდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - ვენეციელი მარკო პოლო იყო, რომელიც XIII საუკუნის ნაშრომში Il Milione რეგიონს აღწერს, როგორც ზღვასა და მთებს შორის მოქცეულ ბუნებრივ ციხესიმაგრეს. ამავე დროს, ომის დროს გამოვლენილი უნარებისა და სიმამაცისთვის, ქებით ამკობს მაცხოვრებლებს.
იმ მრავალ ისტორიათაგან, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების მაჩვენებელია, გვინდა გაგიზიაროთ ერთი განსაკუთრებული: ქართულ ენაზე ნაბეჭდი პირველი წიგნის „Dittionario giorgiano e italiano“ (ქართულ-იტალიური ლექსიკონი) ამბავი .
ეს გამორჩეული ნაშრომი გახლდათ არათუ ორი ენის ფორმალური კავშირის სიმბოლო, არამედ ის არც მეტი არც ნაკლები, რომში დაიბეჭდა.
ეს ხდება XVII საუკუნის მეორე დეკადაში. უაღრესად განათლებული სასულიერო პირი და მეფის კარის სანდო მრჩეველი ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი, რომელიც ევროპაში ნიკიფორე ირბახის სახელით იყო ცნობილი, მოგზაურობას იწყებს იმ ტერიტორიიდან, რომელსაც დღეს კახეთის რეგიონი ჰქვია. წმინდა ბასილის ორდენის ბერს, მეფე თეიმურაზ I ირჩევს, რათა მან დატოვოს საქართველოს საზღვრები და ევროპის სამეფო კარს ეწვიოს. დიპლომატის სამოსში გამოწყობილი ირბახის მისია იყო ევროპელი მმართველების დარწმუნება, დახმარებოდნენ კავკასიის პატარა ქრისტიანულ ქვეყანას, რომელიც თავდასხმების მხვერპლი იყო.
სამწუხაროდ, ექსპედიციის მთავარი მიზანი ვერ შესრულდა. იმ პერიოდში ევროპა ჩართული იყო ოცდაათწლიან ომში - ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ და სისხლიან კონფლიქტში რომელიც კონტინენტს ოდესმე უნახავს. ამის გამო არც ერთ სუვერენს არ სურდა აღმოსავლეთისკენ ჯარის გაგზავნა. თუმცა ეს მოგზაურობა უშედეგო მაინც არ აღმოჩნდა. რომში ბერმა გაიცნო იტალიელი სტეფანო პაოლინი და სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგად 1629 წელს დაიბეჭდა და გამოიცა Dittionario/ლექსიკონი.
ნაშრომი შეუკვეთა კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელმა საზოგადოება ,პროპაგანდა ფიდემ’ (Sagra Congregatione de Propaganda Fide). საზოგადოების მისიონერების მიზანი ქართული ენის შესწავლის გზით კავკასიაში კათოლიკური სარწმუნოების ეფექტურად გავრცელება გახლდათ. ამასაც თავის საფუძველი ჰქონდა, იმ დროისთვის კათოლიციზმს პროტესტანტიზმისგან შეექმნა საფრთხე.
ლექსიკონი სამი სვეტისგან შედგება: პირველში მოცემულია სიტყვები ქართული ანბანის მიხედვით, მეორეში - მათი ლათინური ტრანსლიტერაცია, მესამეში - იტალიური თარგმანი. ამ გვერდებზე ასახული 3,084 სიტყვა XVII საუკუნის ერთგვარი ფანჯარაა- ორი ქვეყნის განსხვავებულ სამყაროებს შორის.
დღეს ეს ნაშრომი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ისტორიული და ლინგვისტური დოკუმენტია, არამედ ორი რეგიონის ისტორიული დიალოგის სიმბოლოც. წიგნი ამჟამად დაცულია თბილისში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში. მისი სრული ციფრული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ, რაც მკვლევარებსა და დაინტერესებულ პირებს ნაშრომის უფრო ღრმა შესწავლის საშუალებას აძლევს.
ლექსიკონის გარდა, რომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოიცა, რომელიც ქართულ ენას ეხება: Syntagmatōn linguarum orientalium quae in Georgiae regionibus audiuntur (ქართული ენის გრამატიკა).
ნაშრომი ორი განსხვავებული წიგნისგან შედგება. თუ მეორე ნაწილი არაბულსა და თურქულ ენებზეა ფოკუსირებული, პირველი ნაწილი, ფაქტობრივად, ქართული გრამატიკის სრულყოფილ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
ეს ტომი, 1670 წელს, რომში გამოსცა სიცილიელმა თეატინელი ორდენის ბერმა, მისიონერმა ფრანცისკო-მარია მაჯომ. წინასიტყვაობაში, რომელიც პაპ ურბან VIII-ს ეძღვნება, თავად მაჯო წერს, რომ პონტიფიკოსისგან მიიღო დავალება- სრულყოფილად შეესწავლა ქართული ენა. ადვილი წარმოსადგენია, რომ რომის მხრიდან, ეს არ იყო განსხვავებული ენის მიმართ უბრალო ინტერესი - ეს იყო მკაფიო მისია: კავკასიაში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებაში წვლილის შეტანა, ამჯერად არა მახვილით, არამედ გრამატიკით, ლექსიკითა და დიალოგით.
დღეს ეს ნაშრომიც თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაბინავებული და დასავლეთში ქართული ენის ადრეული კვლევების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.
რაც მთავარია, ეს საგანძური მხოლოდ რამდენიმე მკვლევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი - წიგნის სრულ ციფრულ ვერსიასაც უკვე ონლაინ შეგიძლიათ გაეცნოთ.
- ~ ნაწილობრივ არის გამოყენებული AI