გაორმაგება ქართულ და იტალიურ ენებში და ქართული ენის სხვა უხერხული ანომალიები
როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მთარგმნელი თავს ვალდებულად ვთვლი სათანადოდ აგიხსნათ ის რამდენიმე ინიციატივა თუ სიახლე, რასაც თქვენ, მკითხველნი, ჩემს მიერ შესრულებულ თარგმანებში აღმოაჩენთ.
აქ მე შევეხები რამდენიმე, ოღონდ მართლაც რომ დრომოჭმულ საკითხს, რაც ხელს სერიოზულად უშლის საქართველოში მხატვრული თარგმანის (და არა მხოლოდ ლიტერატურულის!) საქმეს. თავს უფლებას ვაძლევ არ მივიღო, მაშასადამე არც დავეთანხმო ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეგზომ ყავლგასულ და დამყაყებულ არაერთ ნორმას, თუ მყარად გამჯდარ შეცდომას, რაც ასე აფერხებს ისევ ჩვენი ენის განვითარებას.
ჩემის ღრმა რწმენით, „ანტიკვარულ“ ჩარჩოებში მოქცეულ ქართულ ენას ხშირად უჭირს ფეხი აუწყოს იმ თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რაც ჩვენს საზღვრებს გარეთ შემდგარ ევოლუციას და პროგრესს მოაქვთ; ისინი ყველგან და ძალდაუტანებლად, თავისთავად მკვიდრდებიან. ასე რომ, ყოვლად გაუმართლებელი კარჩაკეტილობა საგრძნობ სირთულეებს უქმნის ქართველ მთარგმნელს მის ასპარეზზე.
ბოლოს და ბოლოს, ენა ხომ ცოცხალი ორგანიზმია, იგი მუდამ საკუთარ გზას ირჩევს, მას მიჰყვება და მრავალი, ხელოვნურად შექმნილი, ეგრეთწოდებული „ლინგვისტური“ აკრძალვების თუ წინაღობების მიუხედავად ენა თვითონ იმკვიდრებს გამოხატვის ახალ ფორმებს, ისევე, როგორც ბოლოს მაინც ცოცხალი ბალახი სჯაბნის ჟამგასული ასფალტის ფენას.
ენა ყოველდღიურად განიცდის ერთი შეხედვით თითქმის შეუმჩნეველ ცვლილებებს, პოულობს და იძენს გამოხატვის ახალ ფორმებს, ან ხშირად ექცევა საერთაშორისო ასპარეზზე დომინანტი ქვეყნის გავლენის ქვეშ, როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო თუ სამართალის ლექსიკონში. სასაუბრო ენაც ასე იძენს სრულიად ახალი, ინოვაციური იდიომების წარმოთქმის უნარს. ამის მაგალითად სულაც ჩვენი, ერთი თაობის სიცოცხლის მანძილზე, ჩვენი ყური ერთობ სწრაფად შეეჩვია ისეთი უცნაური სიტყვების თუ სახელწოდებების ხმარებას, როგორიცაა თუნდაც „სენსიტიური“ საკითხი (მგრძნობიარე, ფაქიზი, ან დელიკატურის ნაცვლად), „ლოჯისტიკა“, ან „ლოჯისტიკური“ პრობლემები (საერთოდ გადაადგილების, ტვირთების და სატვირთო მანქანების განთავსების, ანუ სატრანსპორტო პრობლემების ნაცვლად), „ნარატივი“ (თხრობის სტილის, ან ამბავის მოყოლის მანერის ნაცვლად). ახალი სირთულეების წარმოქმნის სანაცვლოდ ვიყენებთ ქართული ენისთვის რაღაც უცნაურ „გამოწვევებს“ (თუმცა, ვინც ფლობს ინგლისურ ენას, ასეთი კიდევ უფრო იოლად ითვისებს ამ ინოვაციას სიტყვიდან Challenge), სატელევიზიო არხებზე ვუყურებთ, ან ზოგჯერ თავადაც ვმონაწილეობთ სხვადასხვა „თოქ-შოუებში“ (ისევ ინგლისური talk show-დან). ჩვენი ახალგაზრდა თაობაც (სხვათა შორის - ასაკოვნებიც!!!) სულ უფრო თამამად ირტყამს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე „ტატუ“-ებს და დღეს არც აღარავის ახსენდება, რომ საკუთარ ტყავზე და საკუთარი ნებით ამ „ფერწერას“, ქართულად ოდესღაც სვირინგი ერქვა (საბჭოთა კრიმინალურ ჟარგონში კი наколка). სიხარულის და აღტაცების ნიშნადაც სულ უფრო ხშირად გვესმის ამერიკული შეძახილი „უაუ!“ (ისევ WOW!-ის პირდაპირი გადმოქართულება).
ამ მაგალითებით მავანთათვის არა მხოლოდ იმის შეხსებას ვცდილობ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, არამედ იმის მტკიცებასაც, რომ მისი „დაბალზამირება“, ან რაღაც ბოლომდე გაურკვეველი „ურა-პატრიოტიზმით“ და ყურით მოთრეული ადათ-წესების წამდაუწუმ შეხსენებები ამაოცაა და მით უაზროც.
გემინაცია
ჩემი პირველი „უხერხულობა“ ეხება ქართული ენის „დაბალზამირების“ ერთ-ერთ ძირითად ფაქტს: გაორმაგებულ თანხმოვანთა სრული მიუღებლობა. ამ მოვლენას ენათმაეცნიერებაში გემინაცია ეწოდება. კეთილი და პატიოსანი და არც მე არ ვითხოვ ამას ქართული ენისგან. ღმერთმა დამიფაროს მსგავსი სურვილისგან! საქმე სულ სხვა ფაქტში მდგომარეობს. ქართულ ენაში ეს მოვლენა თუ არ არსებობს (თუმც იშვიათად, მაინც ვხვდებით გემინაციის მაგალითებს: ჩავვარდი, მედდა, მოგგვრის და ა.შ.), ღრმად გახლავართ დარწმუნებული რომ გაორმაგებული თანხმოვნები ქართულში მაინც და აუცილებლად დასაშვებია იმ უცხოური წარმოშობის გვარებისა თუ სახელწოდებების წარმოთქმისას (და წერის დროსაც!), როგორც ისინი წარმოითქმიან (და იწერებიან კიდეც) მათს მშობლიურ ენებში. მე იტალიური ენის სპეციალისტი გახლავართ და ჩემი ამ მოხსენებით ვცდილობ ხმა მივაწვდინო უპირველეს ყოვლისა ქართული ენის სიწმინდის დამცველ ავტორიტეტულ ფილოლოგთა და ენათმეცნიერთა ყურამდე. ვცდილობ შევასმინო მათ, რომ ქართულ ენაში არსებული ზოგი აკრძალვა საშინლად ამცირებს და აზიანებს იტალიურ ენას. გემინაცია, როგორც ენობრივი მოვლენა, ჯერ ერთი განუმეორებელ შნოს და ლაზათს სძენს ამ ულამაზეს ენას. ოღონდ, გაორმაგებული თანხმოვნების მნიშვნელობა იტალიურ ენაში მხოლოდ მისი ესთეტური, საამური ჟღერადობით არ ამოიწურება! გემინაციას დანტეს ენაში თავისი სემანტური დატვირთვაც გააჩნია: ერთი თუ გაორმაგებული თანხმოვანი, სიტყვებს სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობას სძენს. ამ ფაქტისადმი წაყრუებამ, დაუდევრობამ, უყურადღებობამ ან მის არაფრად ჩაგდებამ იტალიურად მოსაუბრე უცხოელი შესაძლოა ძალიან უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააგდოს. გიმეორებთ: იტალიურ ენაში ერთი, ან გაორმაგებული თანხმოვანი სიტყვებს სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობას სძენენ. მაგალითისთვის: polo (პოლუსი) - pollo (ქათამი); pala (ნიჩაბი) - palla (ბურთი); capello (თმა) - cappello (ქუდი); და ა.შ.
ეს საკითხი ჯერ კიდევ არ ამომიწურავს! თქვენს ყურადღებას მივაქცევდი კიდევ ერთი საკითხისკენ, რომლის შესახებაც ქართველ ენათმეცნიერთ კარგა ხნის წინაც უნდა დაეწყოთ გონივრული მსჯელობა და ანალიზი. საკითხი კი ეხება იტალიური (და საერთოდ უცხოური) სახელების და გვარების სწორად და მართებულად წარმოთქმას და მათ წერას. ისევ მაგალითებს მოვიშველიებ: Luca იტალიელი მამაკაცის ჩვეულებრივი სახელია, Lucca კი ერთ მშვენიერ იტალიურ ქალაქს ჰქვია ტოსკანაში. Toti იტალიის ეროვნული გმირის გვარია, როცა Totti - ყოფილი, სამაგიეროდ ცნობილი ფეხბურთელის (ფრანჩესკო ტოტტი მყავს მხედველობაში); Poli ცნობილი ადვოკატის გვარია, Polli კი ერთი ცნობილი მსახიობის; Zani ლომბარდიული გვარია, ხოლო Zanni რომანიისა და ვენეტოს ოლქებში გავრცელებული გვარია. მაშ როგორ მოიქცეს ქართველი მთარგმნელი, როდესაც მას ეკრძალება თანხმოვნების გაორმაგება (ქართულში)? როდესაც ტოტი და ტოტტი ერთმანეთს ნათესავები კი არა, მოგვარეებიც კი არ არიან! ამ ჩვენი დრომუჭმული ,,ტრადიციების’’ გამო, ჩემთვის ვერავის აუხსნია, თუ რაში მდგომარეობს თანხმოვნების გაორმაგების ეს აკრძალვა! იტალიელთა სახელები და გვარები, ჩვენ, ქართველებმა ქართულ სახვევებსა და თაბაშირში უნდა მოვაქციოთ? ქართული „თვითშემოქმედების“ აშკარა და გაუგონარი უმსგავსოების მაგალითად კი აი ამ ამბავს მოვიყვან: მოდით და ნიკო მარრზე ვისაუბროთ.
ერთ დროს საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვინმე Nikolai Yakovlevich Marr (Никола́й Я́ковлевич Марр, ანუ ქართულად - ნიკოლოზ იაკობის ძემარრი. ეს კაცი გახლდათ შოტლანდიურ-ქართული წარმოშობის მქონე ისტორიკოსი და ლინგვისტი.
ნიკო მარრი დაიბადა ქუთაისში, 1865 წლის 6 იანვარს (ანუ 1864 წლის 25 დეკემბერს). მამამისი, ჯეიმს მონტეგიუ მარრი (1793-1874) გახლდათ შოტლანდიური წარმოშობის მქონე ინგლისელი კომერსანტი, რომელიც კავკასიაში ჩამოსახლდა 1822 წელს. ნიკოლოზის დედა კი გახლდათ ქართველი: აგრაფინა მაღულარია. ნიკოლოზის მშობლები ერთმანეთს ძლივს უგებდნენ, ვინაიდან მამა ოჯახში ინგლისურს იყენებდა, მაშინ როცა დედა ქართულს და ისიც ძლიერი გურული აქცენტით.
ჰოდა სწორედ ამ პიროვნების უცხოურ გვართან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად დაუშვებელმა თავნებობამ სამარცხვინო შედეგამდე მიგვიყვანა ქართველები. ამ ადამიანის გვარს ქართველები (რაღაც გაუგებარი მიზეზებით) წერენ და წარმოთქვამენ - მარი. აბა რას დაამსგავსეს ქართველებმა ეს შოტლანდიური გვარიMarr! როცა ამ დროს, ჩვენი სასიქადულო მეცნიერი და ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი თავის ნაშრომებში ამ ადამიანს მუდამ ახსენებს როგორც ნიკომარრს, სწორედაც რომ ამ შოტლანდიური გვარის გაორმაგებული rr თანხმოვნის მართებული შენარჩუნებით და წარმოთქმით. „… ამგვარად, კოვალევსკისა, მარრისა და ინოსტრანცევის გამოკვლევებმა ცხადჰყვეს…. (გვ.41; ივ. ჯავახიშვილი: „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი პირველი; სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა; თბილისი, 1951 წელი). ივანე ჯავახიშვილი გამუდმებითდ ახსენებს ამ მეცნიერის გვარს მუდმივად გაორმაგებული „რ“-თი წერს და ამისათვის ქართულ ბრუნვებსაც არ ერიდება: მარრმა, მარრს, და ა.შ.
აი, ბატონებო, თურმე რას ნიშნავს დიდი ინტელექტი, განათლებულობა და დახვეწილობა, როცა მართთებულად მიმართავ უცხოური გვარის მქონე პიროვნებას. ასე სამაგალითოდ იქცეოდა ნათელმოსილი ივანე ჯავახიშვილი!
და ახლა ერთი შეხედეთ, თუ რას დავამსგავსეთ ამ კაცის ბიოგრაფია (გადმოღებულია ვიკიპედიიდან), სრულიად დაუკითხავად (და შეიძლება ითქვას, თავხედურადაც!) გადმოქართულებული. მაშ ისიამოვნეთ:
და ახლა ერთი შეხედეთ, თუ რას დავამსგავსეთ ამ კაცის ბიოგრაფია (გადმოღებულია ვიკიპედიიდან), სრულიად დაუკითხავად გადმოქართულებული (და შეიძლება ითქვას, თავხედურადაც!). მაშ ისიამოვნეთ:
„ნიკოლაი იაკოვლევიჩ მარი (Никола́й Я́ковлевич Марр, Nikolay Yakovlevich Marr; ნიკოლოზ იაკობის ძე მარი; 1865 წლის 6 იანვარი [O.S. 25 დეკემბერი 1864] — 20 დეკემბერი 1934 წ. კავკასიის მეცნიერი 1910-იან წლებში, სანამ დაიწყებდა თავის “იაფეტურ თეორიას” ენის წარმოშობის შესახებ (1924 წლიდან), რომელიც ახლა განიხილება როგორც ფსევდომეცნიერული და მასთან დაკავშირებული სპეკულაციური ლინგვისტური ჰიპოთეზები.
არის ჰიპოთეზები გამოყენებული იქნა როგორც დასაბუთება 1920-30-იან წლებში საბჭოთა კავშირში ლათინური ანბანის შემოღების კამპანიაში ქვეყნის მცირე ეთნიკურებისთვის. 1950 წელს „იაფეტური თეორია“ ოფიციალური მხარდაჭერიდან ჩამოშორდა, იოსებ სტალინმა კი ის ანტიმარქსისტულად გამოაცხადა.[საჭიროა წყაროს მითითება]
მარი დაიბადა 1865 წლის 6 იანვარს [დაბადების თარიღი: 1864 წლის 25 დეკემბერი] ქუთაისში, საქართველოში (მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი). მამამისი, ჯეიმს მონტეგიუ მარი (1793–1874), სავარაუდოდ შოტლანდიური წარმოშობის ინგლისელი იყო, რომელიც 1822 წელს კავკასიაში გადავიდა ვაჭრად სამუშაოდ, სანამ მებაღეობით დაკავდებოდა და გურიაში გურიელების ოჯახში მუშაობდა. დედამისი ახალგაზრდა ქართველი ქალი იყო (აგრაფინა მაგულარია). მარის მშობლები სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ (ჯეიმსი ინგლისურად საუბრობდა, ხოლო აგრაფინა - ქართული ენის გურულ დიალექტზე) და ამიტომ ერთმანეთის გაგება მათთვის თითქმის შეუძლებელი იყო. როდესაც მარი 8 წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
არა და არა, ბატონებო! ჩემს სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული გახლავართ, რომ ჩვენ, ქართველებმა სათანადო პატივი უნდა მივაგოთ უცხოელთა სახელებს და გვარებს. ისევ იტალიურს მივუბრუნდები: ჩვენ ისინი არა მხოლოდ უნდა წარმოვთქვათ გაორმაგებული თანხმოვნებით, არამედ უნდა დავწეროთ კიდეც, რაც სულაც არ შეურაცხჰყოფს ქართული ენის ადათ-წესებს (ეს მათს გასაგებად, ვინც ასე ჯიუტად მისტირის „ქართულ ტრადიციებს“), პირიქით! ასეთი მიდგომით ქართველები პატივს მივაგებდით უცხოური წარმოშობის გვარებს, სხვა არაფერი. და ჩემის აზრით, ეს არც ისე ძნელია ჩვენთვის. აბა ერთხელ მაინც სცადეთ ჯერ მართებულად წარმოთქვათ მარჩელლო, მერე კი გაუმართლებლად გადმოქართულებული“ - მარჩელო; ან კიდევ ჯერ ჯოვანნი, მერე კი -ჯოვანი. და თუ ერთხელაც იმ უმშვენიერეს ტოსკანურ ქალაქში მოხვდებით, უმალ აღმოაჩენთ, რომ თქვენ ახლა ლუკაში კი არ ბრძანდებით, არამედ ლუკკაში! მერწმუნეთ, თქვენ ამას იქ ჯერ თვალით, მერე კი ყურითაც იოლად აღიქვამთ!
სხვათა შორის, ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია იტალიელ ლიტერატორებთან და იტალიური ენა-ლიტერატურის მასწავლებლებთან. როდესაც შეიტყვეს, ამ ჩვენებური აკრძალვის გამოისობით, ქართველი მთარგმნელები იძულებულნი არიან მათი სახელები და გვარები მუდამ მხოლოდ ერთი თანხმოვნით წერონ, რბილად რომ ვთქვათ, გაიოცეს მხოლოდ. არადა, ნებისმიერ სხვა ენაზე (!!!) იტალიურ გვარებს ზუსტად ისევე წერენ და გამოთქვამენ კიდეც, როგორც თვითონ იტალიელები. მაგალითების მოსაყვანად მხოლოდ რუსული ენაც კმარა (სხვათა შორის, საკუთარ ენაში რუსებიც მწყრალად გახლავან თანხმოვანთა გაორმაგებასთან): Rossini - Россини, Donizetti - Доницетти, Leoncavallo - Леонкавалло, Giovanni Boccaccio - Джованни Боккаччо. ქართულად კი ვწერთ და გამოვთქვამთ: როსინი, დონიცეტი, ლეონკავალო, ჯოვანი ბოკაჩო.
რუსული ნორმა სწორია და გამართლებულიც, როცა ქართული სრულიად მცდარია და გაუმართლებელიც.
ლათინოზმები
მეორე „უხერხულობას“, თუ არ ვცდები, ჩვენს ენაში სხვა, უფრო ღრმა ფესვები გაუდგამს: ანუ კლასიკური ლათინური სახელების და გვარების ტრადიციული ფორმით წარმოთქმა. არადა, ლათინთა უპირველესმა მემკვიდრეებმა, ანუ იტალიელებმა ის არქაული ფორმები უფრო გაათანამედროვეს. და აი, როგორ მივიღეთ კიდეც შედეგად:
| ლათინური | იტალიური | რუსული | ქართული |
|---|---|---|---|
| Gaius Iulius Caesar | Gaio Giulio Cesare | Гай Юлий Цезарь | გაიუს იულიუს კეისარი |
| Publius Vergilius | Publio Virgilio | Публий Вергилий | პუბლიუს ვერგილიუსი |
| Gneus Pompeus | Gneo Pompeo | Гней Помпей | გნეუს პომპეუსი |
| Lucius Licinius | Lucio Licinio | Луций Лициний | ლუციუს ლიცინიუსი |
| Lucullus | Lucullo | Лукулл | ლუკულუსი |
| Marcus Aurelius | Marco Aurelio | Марк Аврелий | მარკუს ავრელიუსი |
| Tiberius | Tiberio | Тиберий | ტიბერიუსი |
| Decius | Decio | Деций | დეციუსი |
| Claudius | Claudio | Клавдий | კლავდიუსი |
და იგივე მეორდება ნებისმიერ სხვა, ევროპულ ენებშიც (აქ მე უბრალოდ ადგილი აღარ მეყო სხვა მაგალითების მოსაყვანად). თავის მშობლიურ ენაზე დაწერილს საკუთარ შედევრში - „ღვთაებრივ კომედიაშიც“ კი, დანტე ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ახსენებს თავის მეგზურს და მწურთნელს არა ვერგილიუსად, არამედ მას ვირჯილიოს უწოდებს. პირადად დანტე, ბატონებო! ასე და ამგვარად მხოლოდ ჩვენ, ქართველები აღმოვჩნდით ერთგვარად უხერხული შედეგით ხელში. ნუთუ მართლაც ლათინთათვის ერთგულთა შორის ყველაზე უერთგულესნი ისევ ჩვენ აღმოვჩნდით? და ნუთუ ეს ფაქტი დღეს არავის არ აკვირვებს საქართველოში? რა მიზეზით არ ვცვლით ქართველები ამ აბსურდულ და ჟამგასულ ლათინიზმებს, ვერ ამიხსნია. სწორედ ამასთან დაკავშირებით, დანტე ალიგიერის ჩემს მიერ ქართულად ნათარგმნ „ღვთაებრივ კომედიაში“ მკითხველი ერთ „სიახლესაც“ აღმოაჩენს; ლათინურ ტოპონიმებს თანამედროვე იტალიური ენის შესაბამისად: ჩეზარე, ვირჯილიო, ლუჩო, ლუკულლო, პომპეო, მარკო აურელიო, კლაუდიო, მანტოვა, ნაპოლი, ჯენოვა და ა.შ. მშვენივრად მესმის, რომ ლათინური ენა მთელს კაცობრიობას დღესაც გვინახავს იმ აღუწყავ ცოდნას მემკვიდრეობად; ფლორას და ფაუნას ნებისმიერ წარმომადგენელს თავისი კერძო, ლათინური სახელწოდება გააჩნია; თანამედროვე მედიცინაც და ანატომიაც მეცნიერულად სცნობს ნებისმიერი ძვლის, ან კუნთის დაწვრილებით სწორედ რომ ლათინურ დასახელებას. ეს დანამდვილებით ასეცაა, ოღონდ ჩვენ, ქართველები საუბარში ხომ მაინც ჩვენებურ, ქართულ სახელებს ვიყენებთ. მაგ:
| ქართული | Italiano | Inglese | Russo | Latino |
|---|---|---|---|---|
| ოხრახუში - okhrakhushi | prezzemolo | parsley | петрушка | petrosellum crispum |
| ქინძი -kindzi | coriandolo | coriander | кориандр | coriandum sativum |
| ხახვი - khakhvi | cipolla | onion | лук | allium sativum |
| კომბოსტო - kombosto | cavolo | cabbage | капуста | brassica |
| ცხენი - tskheni | cavallo | horse | лошадь | equus caballus |
| ძაღლი - dzaghli | cane | dog | собака | canis |
| ვირი - viri | asino | donkey | осел | asinus |
| თვალი - tvali | occhio | eye | глаз | oculus |
| ყური - quri | orecchio | ear | ухо | auris |
თუკი ქართველები Petroselium crispum-ს ოხრახუშს ვარქმევთ (და ასეთადაც მივირთმევთ) Equus caballus-ს მაინც ცხენს ვუწოდებთ. ჰოდა მეც Equus asinus-საც აღარ ვაწყენინებ და ქართულად მას ვირს ვუწოდებ. და განა მართლებიც არა ვართ?! ჰოდა, ბატონებო, ამ მაგალითების გათვალისწინებითაც ხომ თვალნათლივ სჩანს და მით მეტად ღრმად მწამს, რომ Marcus Aurelius ქართულად უნდა ჟღერდეს მარკო აურელიო, Decius (Deciusi) - დეჩო; Aeneasi - ენეა; Romulus - რომოლო; Remus - რემო; Tiberius - ტიბერიო; Titus - ტიტო; Flavius - ფლავიო; და ა.შ. ამასთან ერთად, მათი მართებულად წარმოთქმა ხომ ქართველს სულაც არ გაუჭირდება.
სლავიზმები
და აი, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი, რიგით მესამე უხერხულობაც: ჩემს ნაშრომში მკითხველი აღმოაჩენს ჩემს ინოვაციას ლათინურ და იტალიურ ტოპონიმებთან დაკავშირებით. მაგალითად მე ვარქმევ Cesare-ს ჩეზარეს, Vergilius-ს ვირჯილიოს, Lucullus ლუკულლოს (სხვათა შორის ივანე ჯავახიშვილიც ასევე იქცევა!), Lucius-ს ლუჩოს, Pompeous პომპეოს, Marcus-ს მარკოს, Claudius-ს კლაუდიოს, Mantova-ს ვუწოდებ მანტოვას, Napoli-ს ნაპოლის, Genova-ს ჯენოვას და ა.შ.
ჩემის აზრით, ყველა ქართველმაც, ჩვენც უნდა დავარქვათ Padova-ს პადოვა, Mantova-ს მანტოვა, Genova-ს ჯენოვა, Napoli-ს ნაპოლი, ანუ მათ ის დღევანდელი სახელები უნდა აღვუდგინოთ, როგორც მათ თვითონ იტალიელები დღეს უწოდებენ. და აი, რატომ—
საქართველო უხსოვარი დროიდან ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციებს (ანუ ევროპას) განეკუთვნებოდა, მაგრამ ადრეული ფეოდალური ხანიდან მოყოლებული, ქართველები ევროპას ჯერ ბიზანტიის, მერე კი ოსმანთა იმპერიებმა ჩამოგვაცილეს და ჩვენ საბოლოოდ მოვექეცით ისლამური სამყაროს გარემოცვაში. მთელი საუკუნეების მანძილზე საქართველოს ევროპასთან კავშირის აღდგენა კი არა, თავის გადასარჩენად გამუდმებით ხმლის ტრიალი გვიწევდა მხოლოდ. 1801 წლიდან კი ჩვენ უკვე რუსეთის იმპერიის კოლონიად გადავიქეცით. რუსეთმა საქართველოში შემოიტანა რუსული სამყაროსთვის მახასიათებელი Крепостное право, ანუ ქართველი გლეხი მონა-ყმად აქცია, ქართველი თავად-აზნაურობა კი სამწუხაროდ რუსეთის იმპერიას ერთგულად ჩაუდგა სამსახურში და მთლიანად გაიყიდა (იშვიათი გამონაკლისების გარდა) რუსული ეპოლეტებისა თუ ლამპასების ბრჭყვიალებაზე. ეგ კი არა და, პეტერბურგმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა, ეკლესიებში ქართულ ენაზე წირვებიც აკრძალა, ხოლო სემინარიებში წმინდა წერილები მხოლოდ რუსულ ენაზე ისწავლებოდნენ. საქართველოში ტოტალურმა უწიგნურობამ დაისადგურა: ილია ჭავჭავაძის და ვაჟა ფშაველას დროისთვის, ანუ XIX საუკუნეში ქართველთა 83% წერა-კითხვის სრული უცოდინარი გახლდათ. ქართველი თავად-აზნაურობა ევროპულ განათლებას მხოლოდ მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის უნივერსიტეტებში ეზიარებოდნენ. აქედან გამომდინარე, ქართულ ენაშიც ევროპული ტოპონიმების რუსული ჟღერადობა დამკვიდრდა (თვითონ რუსულში კი მათ ამას ისევ კლასიკური ლათინური ჰკარნახობდა). ჰოდა სწორედ იმ დროიდან დავიწყეთ ჩვენც, რუსული ჭრილიდან, ევროპული ტოპონიმების „გადმოქართულება“. ამის ნათელ მაგალითად თუნდაც კარტოფილის სახელწოდებაც კმარა: იგი ხომ ჩვენთან რუსული картофель-იდან დამკვიდრდა, თვითონ რუსულ ენაში კი ის გერმანული kartoffeln ასე „გარუსდა“ (იმპერატრიცა ეკატერინეს მმართველობისას რუსეთის იმპერიის მინისტრთა კაბინეტს ხომ მთლიანად გერმანელები შეადგენდნენ).
მაგრამ ჩვენ ლათინთათვის მიცემული იმ „ძმობის ფიცის“, თუ „ნათლობის“ ერთგულნი თუ დავრჩით, დღეს ისიც კი მაკვირვებს, თუ რატომ აღარ ვუწოდებთ კლასიკურ ლათინურ ყაიდაზე ლონდონს - „ლონდინიუმს“ (Londinium), მილანს კი - „მედიოლანუმს“ (Mediolanum)?
უნდა მოგახსენოთ, რომ პირველ ორ „უხერხულობასთან“ დაკავშირებით მე ჩემს სიმართლეში სრულიად გახლავართ დარწმუნებული, აი მესამე შემთხვევაში კი ვარაუდს გამოვხატავ მხოლოდ; ვსვამ მხოლოდ კითხვას და იქნებ ამ საკითხზე მართლაც ღირს დისკუსიების დაწყება!? ვიმეორებ: აქ მოყვანილი „უხერხულობები“ მერწმუნეთ, საგრძნობ სირთულეებს უქმნიან ქართველ მთარგმნელებს და მიჩნდება კითხვა: ოდესღაც გამჯდარი სიყალბე და გაუგებრობა (თანაც ასე დაუსაბუთებლად) ნუთუ არ უნდა გავაანალიზოთ, ვიმსჯელოთ ამგვარი პრობლემების შესახებ და თუ საჭიროც გახდა, იქნებ რეფორმების გატარებაც გაგვიხდეს აუცილებელი? ამ კითხვით მე ქართული ენის ენათმეცნიერთ, ფილოლოგებს თუ ლიტერატორთ, ერთი სიტყვით ამ სფეროში კარგად ჩახედულ სპეციალისტებს მივმართავ. იქნებ, ქართველებს მართლაც დაგვიდგა სიახლეების და რეფორმების გატარების დრო?
სხვათა შორის, განახლების რეფორმებს დღეს პირველ რიგში ქართულ ანბანში შექმნილი გაუგებრობებიც მოითხოვენ და თუკი ეს საკითხიც ვინმეს დააინტერესებს, ჩემს შეხედულებებს ანბანთან დაკავშირებით, სხვა ასპარეზზე მოგახსენებდით.
გიორგი ბუხნიკაშვილი მონრეალეს სიკულო-ნორმანული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი