ჩვენი პოლიტიკა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ:
წყაროების სტრუქტურული უგულვებელყოფა:
ენობრივი მოდელის მიერ გენერირებული ტექსტი მის პირველ წყაროებს სტრუქტურულად ,ყლაპავს'. ამგვარად მიღებული შედეგი გამოუსადეგარია იმ კონტექსში, რომელშიც ინფორმაციის გამჭვირვალობა და კანონიერება თავის სიმაღლეზე დგას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ პირადი კვლევებისას, როგორც მასალების შეგროვების და გაანალიზების ინსტრუმენტი, იმის გათვალისწინებით, რომ მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია საავტორო უფლებებით. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უმეტესწილად, იმ კომპანიებს ეკისრება, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სერვისებს, და რომლებმაც ენობრივი მოდელები, ნებართვის გარეშე განავითარეს მესამე მხარის ნაშრომებზე დაყრდნობით.
ინტელექტუალური საკუთრება:
ენობრივი მოდელის მიერ ინტელექტუალური ნაშრომის გადამუშავებას, რომ არაფერი ვთქვათ შექმნაზე, მოსდევს ინტელექტუალური საკუთრების ტირაჟირება, გამრავლება და ექსკლუზივის დაკარგვა. მკაცრად რომ ვთქვათ, ამ ინსტრუმენტების დახმარებით შექმნილ ესეს ან სტატიას, ,ავტორი' აღარ უნდა აწერდეს ხელს. რადგან სხვა შემთხვევაში ინტელექტუალურ საკუთრებას აუნაზღაურებელი ზიანი ადგება. საინფორმაციო საშუალებების უმეტესობას ეს პრინციპი ოფიციალურად არ აქვს მიღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, ან რომ მისი დაცვა არაა აუცილებელი.
მარეგულირებელი სამართლის „რუხი ზონა"
კომპანიები, რომლებიც ამ ინსტრუმენტების მასობრივ გავრცელებას უწყობენ ხელს, ამ საკითხებს საჯაროდ არ განიხილავენ, ვინაიდან ეს მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, მთავრობებს და მოქალაქეებს, არ უნდა შეეძლოთ ამ პრინციპების იგნორირების გამართლება სამართლებრივად, თუნდაც იმ პირობებში, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არის კანონებში კოდიფიცირებული. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი კოდიფიკაცია გარდაუვალია.
ჩვენ ვიმყოფებით „რუხ ზონაში" ახალი მარეგულირებელი ეპოქის მიჯნაზე, რომელიც შეიძლება კიდევ წლები გაგრძელდეს. ამიტომაც გასაგებია, რომ გაუმჭვირვალე პრაქტიკები ჩამოყალიბდა; მაგრამ მათი გაზიარება სავალდებულო არ არის. ასევე, შეუძლებელი სულაც არ არის სამართლის ისტორიასა და ლოგიკასთან თავსებადი პრინციპების განსაზღვრა.
ჩვენი არჩევანი
ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ,კარგი მოქალაქე'-მ გადაწყვიტა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს არ გამოიყენებს კონტენტის შედგენისა თუ გადამუშავებისათვის. ყველა გამოქვეყნებული სტატია ავტორების ინტელექტუალური შრომის შედეგია, და ისინი ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს.