ემიგრაციის ფენომენი საქართველოდან იტალიაში: ნინა ილარიშვილის ისტორია
საქართველოდან იტალიაში… მდუმარედ განვლილი გზა.
ბოლო ოცწლეულის განმავლობაში, იტალია გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მიგრაციის მიმართულებით და 2017 წელს ევროპაში მეოთხე ადგილი დაიკავა იმიგრანტთა რაოდენობით. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ პროცესში - ალბანეთთან, მაროკოსთან და რუმინეთთან ერთად - გამოიკვეთა კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულად იტალიის ნახევარკუნძულისგან საკმაოდ შორსაა: ეს ქვეყანა საქართველოა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან განსაკუთრებით, საქართველომ პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ხანგრძლივ პერიოდში შეაბიჯა . უმუშევრობამ, დაბალმა ხელფასებმა და განმეორებითმა ტერიტორიულმა კონფლიქტებმა ბევრი მოქალაქე აიძულა, საზღვარგარეთ ეძებნა ის შესაძლებლობები, რომელთა შეთავაზებასაც მათი ქვეყანა ვერ ახერხებდა.
პარალელურად, 1990-იანი წლებიდან, იტალიაში დაიწყო ის მოცემულობა, რომელსაც ბევრი დამკვირვებელი „ოჯახური სოციალური ზრუნვის კრიზისს“ უწოდებდა. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასა და დემოგრაფიულ დაბერებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ოჯახს უწევდა მოხუცი, ფიზიკურად ქმედუუნარო ნათესავის მოვლა. სახელმწიფომ კი ვერ შექმნა საკმარისად ეფექტური სოციალური მომსახურების სისტემა: მოხუცთა სახლებში ადგილები ძვირი და უმეტესად შეზღუდული იყო. ოჯახების დიდი ნაწილისთვის კი უბრალოდ მიუღებელი იყო, რადგან ეს ვერ იქცა კულტურის ნაწილად.
ამ გარემოებებმა ახალი პროფესიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომელიც თანდათან იტალიის სოციალური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. თუმცა , ოფიციალურად დიდ ხანს არ აღიარეს. ეს გახლდათ თანამცხოვრები მომვლელი (live-in caregiver). აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული მუშახელი, იდეალურად ერგებოდა ამ მოთხოვნას: ისინი მზად იყვნენ თანაცხოვრებისთვის, მუშაობდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მათ სანდო და ერთგულ ადამიანებად თვლიდნენ.
შედეგად, უმაღლესი განათლებისა ან პროფესიული გამოცდილებისა მიუხედავად, ეს სამუშაო ბევრმა ქალმა აირჩია. ზოგისთვის ეს დროებითი გამოსავალი, სხვებისთვის - ეკონომიკური აუცილებლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური სტანდარტებით, ხელფასები ხშირად დაბალი გახლდათ, ეს შემოსავალი გადამწყვეტი იყო საქართველოში დარჩენილი ოჯახის დასახმარებლად.
ამგვარად, იტალიამ მიგრანტი მუშახელის მიმართ სტრუქტურული დამოკიდებულების ჩამოყალიბებით, მოახერხა მოსახლეობის დაბერების პრობლემის გადალახვა- დიდი სახელმწიფო ინვესტიციების გარეშე. ხანდაზმულთა მოვლის სექტორში ქართველ მიგრანტების კავშირი იმდენად გაძლიერდა, რომ ამან შეიძინა დიასპორის სახე. ასეთი სურათი მივიღეთ: ქალთა მიგრაცია -დროში მდგრადი- სავსე პირადი მსხვერპლით და სოციალური წინსვლის შეზღუდული შესაძლებლობებით.
რეალობასთან შეხება: ნინა ილარიშვილის ისტორია
გვქონდა პატივი ჩაგვეწერა ინტერვიუ ქალთან, რომელიც თავად იყო საქართველოდან იტალიაში ემიგრაციის მაგალითი. მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, ნინამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ყველაფრის დატოვება და უცნობ ქვეყანაში წასვლა: ნინა ილარიშვილი.
ნინას გამოცდილების უკეთ გასაგებად, მას დავუსვით შვიდი კითხვა:
რა იყო მიზეზი, რის გამოც დატოვეთ საქართველო? რატომ აირჩიეთ იტალია?
„საქართველო დავტოვე საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ვმუშაობდი ხიდისთავისა და ერედვის მუსიკალურ სკოლებში. ეკონომიკური სიძნელეების პერიოდში ორივე სკოლაში საგრძნობლად შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა (სწავლის საფასურის გამო). თუმცა ერედვის სკოლაში შედარებით მეტი მოსწავლე სწავლობდა (ეს დიდი სოფელი იყო). 1991-1992 წლებში დაიწყო ომი - ერედვი დაბომბა რუსეთმა, სკოლა დაიწვა და ამის გამო ბევრი მცხოვრები, მათ შორის მე და ჩემი მეუღლეც, გორში გადავედით. ჩემი მეუღლე ინჟინრად მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მუშაობა ბაზარში დაიწყო. ცხოვრება ძალიან რთული იყო - სამუშაოს პოვნა - თითქმის შეუძლებელი.. ამ სირთულეების დასაძლევად გადავწყვიტე ემიგრირება.“
„იტალია ავირჩიე იმიტომ, რომ იქ უკვე მყავდა ნათესავი, რომელიც ემიგრანტად მუშაობდა მომვლელად; იგი იტალიაში მუშაობას და ცხოვრებას აღწერდა ეკონომიკურად მომგებიანად და სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ (და განსაკუთრებით მისი რჩევის გამო) გადავწყვიტე ამ გზით წასვლა.“
რთული იყო დამკვიდრება? გვესაუბრეთ მთავარ სირთულეებზე…
„დასაწყისში მქონდა გარკვეული პრობლემები ადაპტაციასთან და ენის უცოდინრობასთან დაკავშირებით. რადგან ენა ელემენტარულ დონეზეც კი არ ვიცოდი, ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან რთული იყო - ნამდვილი გამოწვევა. ქართული და იტალიური ენა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ჩემთვის ძალიან რთული იყო შეგუება და ყველაფრის ნულიდან დაწყება, თუნდაც მარტივი კომუნიკაციის დამყარება. ოჯახთან, რომელშიც პირველად დავიწყე მუშაობა, თავიდან მიჭირდა შეგუება… მაგრამ შემდეგ ეს როლი ისე აღვიქვი, თითქოს საკუთარ მშობლებს ვუვლიდი. იმ პერიოდში ვუვლიდი მოხუც წყვილს. სამუშაო პირობები ძალიან რთული იყო - მოხუცებს ღამით არ ეძინათ… მეც ვერ ვიძინებდი. განსაკუთრებით მძიმედ მახსოვს 2008 წელი, ომის დღეები, როცა რუსეთი ბომბავდა საქართველოს. ემოციურად ძალიან რთული იყო შორს ყოფნა და იტალიიდან, ტელევიზორის საშუალებით, იმის ყურება, როგორ ბომბავდნენ გორს - ქალაქს, სადაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობდა. თუმცა ასევე მახსოვს, როგორ დამიდგა გვერდში ჩემი დამსაქმებლის ოჯახი და შემიმსუბუქა ეს ტკივილი.“
„აღსანიშნავია, რომ თავიდან არანაირი საბუთი არ მქონდა, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებას - ქუჩაში გასვლას, თუ ადამიანებთან ურთიერთობას - მუდმივი შიშის ქვეშ ვატარებდი. ამის გამო საქართველოში დაბრუნებაც ვერ შევძელი და ეს მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბოლოოდ მივიღე საბუთები და 5 წლისა და 5 დღის შემდეგ პირველად შევძელი სამშობლოში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ოჯახთან დაშორება ძალიან დიდი და მძიმე ფაქტორი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო ასე განვითარებული ციფრულად. იმ დროს კომპიუტერი არ გვქონდა და ბავშვებთან მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდი; მათ მხოლოდ CD-ებზე ჩაწერილი ვიდეოებით ვხედავდი, რომელსაც ოჯახი მიგზავნიდა (შემდეგ ეს Skype-მა ჩაანაცვლა, მერე Messenger-მა, რომელიც დღეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია). ყოველდღე ერთი საათი მქონდა გამოყოფილი სატელეფონო საუბრისთვის (დამსაქმებლის ოჯახი 5-ევროიან ბარათებს ყიდულობდა), მაგრამ ომის დროს 100-ევროიანი ბარათი მიყიდეს, რათა ოჯახისთვის ყოველ წუთს დამერეკა.“
,,ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა სირთულეებიც მხვდებოდა, რომლებიც კულტურულ განსხვავებებს უკავშირდებოდა - მაგალითად, ფიქსირებული კვების დროები, რასაც ქართველები დიდად არ ვართ მიჩვეულები. ამგვარ წესებთან შეგუება, რომელიც მთლიანად ცვლის ყოველდღიურ რეჟიმს, დასაწყისში საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.’’
რამდენ ხანში იპოვეთ სამსახური? შეესაბამებოდა გარემო თქვენს მოლოდინებს?
„პირველი სამსახური საკმაოდ სწრაფად ვიპოვე. ხოლო როცა მოხუცი, ვისაც ვუვლიდი - გარდაიცვალა, ჩემი ნათესავი მეხმარებოდა ახალი სამუშაო ადგილის მოძებნაში, ამიტომ ამ მხრივ დიდი სირთულეები არ მქონია. ბარიში 14 წელზე მეტი ვიმუშავე და ერთ ოჯახში 11 წელი და 9 თვე გავატარე. ამ ბებიას ვუვლიდი და ერთად თითქმის 12 წელი გავატარეთ; ძალიან მინდოდა 100 წლის გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სულ რაღაც ერთი თვე დააკლდა და გარდაიცვალა. ძალიან გამიჭირდა მასთან დამშვიდობება - ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.“
„ემოციურად იტალიაში დარჩენა არც ისე რთული იყო, რადგან გარკვეულწილად იტალიელები და ქართველები ერთმანეთს ჰგვანან - ისინიც ენერგიულები, კომუნიკაბელურები და ხმაურიანები არიან.“
„იტალია სხვანაირად წარმომედგინა, თუმცა დროთა განმავლობაში საკმაოდ კარგად შევეჩვიე. თავიდან მუდმივ შიშში ვცხოვრობდი - ყველაფრის და ყველას მიმართ. როცა შორს ხარ შენი ქვეყნისგან და ოჯახისგან, ტოვებ შვილებსა და შვილიშვილებს და თან ენა არ იცი, ძალიან რთულია ფეხის მოკიდება. ადაპტაციის შიში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ჩემი ხასიათისა და იმ ოჯახების სითბოს წყალობით, რომლებშიც ბარიში ვმუშაობდი, საბოლოოდ შევძელი შეგუება.“
იტალიური ენის სწავლა მოსალოდნელზე მარტივი იყო თუ რთული?
„საკმაოდ რთული იყო, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ისეთ მოხუცებთან ვატარებდი, რომლებიც ხშირად ალცჰაიმერით ან ასაკთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით იყვნენ დაავადებულნი; ზოგჯერ ლაპარაკიც კი არ უნდოდათ. გარდა ამისა, ბევრი მათგანი მხოლოდ დიალექტზე საუბრობდა, რაც სწავლას კიდევ უფრო ართულებდა. ამიტომაც ვისწავლე „არასრულყოფილი“ იტალიური. დღესდღეობით ბევრი ქართულ-იტალიური სკოლა არსებობს, მაგრამ როცა მე ჩამოვედი, მსგავსი არაფერი იყო. ღამეების უმეტესობას უძილოდ ვატარებდი მოხუცებთან… ბუნებრივია, ენერგია აღარ მრჩებოდა რომ ენა სათანადოდ მესწავლა.“
დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, იმავე გზას აირჩევდით?
„თუ ეკონომიკური პირობები იგივე იქნებოდა, აუცილებლად ისევ იმავე გზას ავირჩევდი, მიუხედავად ყველა სირთულისა. თუმცა არ მენდომებოდა, რომ ჩემი შვილები იტალიაში მომვლელებად წასულიყვნენ.“
რაში ჰგავს იტალია საქართველოს?
„იტალია ჰგავს საქართველოს ემოციებითა და გამომხატველობით. თუ უყვარხარ, ძალიან უჭირთ შენთან დაშორება. თუ ხედავენ, რომ ოჯახს ერთგულად ემსახურები, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს-ისე მიგიღებენ. ისინი თბილები და ემოციურები არიან ყველაფერში - როგორც ჩვენ; მიმღებლები, კომუნიკაბელურები და ძალიან ხმაურიანები საუბრისას.“
უახლოეს მომავალში შეძლებთ საქართველოში დაბრუნებას?
„დიახ, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სამშობლო დავტოვე, და უკვე იმ ასაკში აღარ ვარ, რომელშიც მაშინ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა, იტალიის დატოვება ძალიან გამიჭირდება, რადგან ის ჩემი მეორე სამშობლო გახდა…“ საბოლოოდ, მიუხედავად იტალიისადმი სიყვარულისა, ნინა დიდი ალბათობით დაბრუნდება საქართველოში. თუმცა, ახლა უკვე საკუთარ სამშობლოსთან შეგუება , ხელახალი ინტეგრაცია, მისთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იქნება.
- ✓ არ არის გამოყენებული AI