ინტერვიუ ერეკლე დეისაძესთან
ჟურნალ კარგი მოქალაქის რედაქციას შესაძლებლობა ჰქონდა ინტერვიუ ჩაეწერა ერეკლე დეისაძესთან — ცნობილ ქართველ პოეტთან და მუსიკოსთან, რომელმაც თავისი ხედვები, გამოცდილება და შემოქმედებითი გზა, პოეზიასა და მუსიკაში,გაგვიზიარა.
პირველ შეკითხვაზე – როგორ დაიწყო წერა – ერეკლემ ქუთაისში გატარებული წლები გაიხსენა: „ქუთაისი პოეტების ქალაქია, და სკოლაც, სადაც ვსწავლობდი, იმ ადამიანებთან ასოცირდება, ვინც ძალიან მიყვარს — მაიაკოვსკი, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი. სწორედ ამან მომცა ინსპირაცია.“ იქვე დააყოლა : „ყოველი მეორე პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი — ორჯერ უფრო პოეტი“ ამიტომაც გვითხრა, რომ პოეზია მის გენებშია– საქართველო ხომ ლექსებით მდიდარი ქვეყანაა, სადაც მეფეებიც კი პოეტები იყვნენ და ეს გახდა მისი მიზანი მისი ერის „გენეტიკური კოდი“ შეესწავლა და გაეაზრებინა.
პოეზიასთან პირველი შეხება ერეკლემ პატარაობაში დიდი ბებიის თქმულ გასართობ (კაფიებს) იუმორისტული ლექსებს დაუკავშირა — როცა თავადაც უნდებოდა პასუხის გაცემა. სკოლაში პირველი ლექსიც სწორედ ასე გაჩნდა —მასწავლებლის მიმართ ბრაზმა ლექსი დააწერინა მასზე და ამით თავისი თანაკლასელებიც გააცინა. ამის შემდეგ ერეკლე მიხვდა, რამდენად ძლიერია პოეზია, როგორ შეუძლია ადამიანში ემოციების გამოწვევა.
16 წლის ასაკში ერეკლემ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო ქუთაისის ერთ-ერთ ადგილობრივმა გაზეთმა, მას შემდეგ რაც მისმა საქართველოსა და ქუთაისის სიყვარულით სავსე ნაწარმოებებმა სკოლაში გამართულ ღონისძიებებზე აღიარება მოიპოვა. 20 წლის ასაკში მან გამოსცა სკანდალური წიგნი „საიდუმლო სირობა“, სირობა“,რომლის სათაურმაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ერეკლემ სულ ექვსი წიგნი გამოსცა: ხუთი მოთხრობებისა და რომანების კრებული და ერთი პოეზიის კრებული. პირველი წიგნი მომხდარ მოვლენებს კრიტიკულად, ხშირად ირონიულად აღწერს. მისი მეორე წიგნი — „რუსული არდადეგები“ — აგვისტოს ომის დროს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხმიანება.
მისი ბოლო წიგნი „საქართველოს მოქალაქე“ კი, ერეკლეს სიტყვებით, უფრო ადამიანის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს — განსხვავებით წინა ნამუშევრებისგან,რომლებიც საზოგადოების პროვოცირებას ისახავდა მიზნად. ახლა მისი მიზანია კონფლიქტის ნაცვლად, ემპათია გამოიწვიოს ადამიანებში.
ერეკლეს ორი მიმართულებით უყვარს წერა: ერთი რომანტიკული განწყობისაა და გარემოს აღწერს, ხოლო მეორე — პოლიტიკური, ერთგვარი აქტივისტული პოეზიაა, რომელიც გარემოს გავლენით იბადება. თუ პირველის თემა გრძნობებს, ბუნებასა და სამშობლოს უკავშირდება, მეორე მიზნად ისახავს სიტუაციების ირონიულად აღწერას,ახალი დისკუსიების გასაღვივებლად. ერეკლე ფიქრობს რომ : “ერთადერთი გზა განვითარებისთვის — დაკვირვებაა: პოეზიის პოვნა ყოველდღიურობაში და იმ მომენტების პოეზიად ქცევა, რაც ჩვეულებრივ თვალს შეიძლება გამოჰპარვოდა და შეუმჩნეველი დარჩენოდა.“გარდა ამისა, მან განმარტა, რომ „პოეზია მოითხოვს პრაქტიკასა და დისციპლინას“. ნიჭი კი ყვავილებს შეადარა — როგორც ყვავილებს სჭირდებათ წყალი გასაზრდელად,ნიჭსაც შრომა და მოფრთხილება სჭირდება განვითარებისთვის. მისი პირველი წიგნის გამოცემისას ერეკლემ გააცნობიერა, რომ პოეზიით იყო დაინტერესებული — ამ გრძნობამ კი საბოლოოდ მუსიკის წერამდე მიიყვანა, რათა „პოეზია ახალი თვალით წაეკითხა [… და] ქართულ ენას მელოდიებით სხვა ჟღერადობა მიენიჭებინა “. მას სურდა პოეზიას სხვა ფორმა მიეცა და საკუთარი ლექსები განსხვავებული გზით გამოეხატა. ერეკლე პოეზიას „ცოცხალ ორგანიზმად“ მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია „მუსიკადაც კი გარდაიქმნას“, და ამ პროცესში ის ცდილობს „ქართულ ენაში დამალული კოდების აღმოჩენას“, სიტყვებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას — „ზუსტად ისე, როგორც მეცნიერები ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ატარებენ“. როცა ეს ორი ხელოვნება — პოეზია და მუსიკა — ერთმანეთს შეუერთდა, ერეკლესთვის პოეზიამ „ახალი, ღრმა განზომილება“ შეიძინა და მას შესაძლებლობა მისცა, პოეზიის ახალი მხარეები აღმოეჩინა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, პოეზიასა და მუსიკას შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა — ის, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი აუდიტორიას: კონცერტებზე მსმენელთან პირდაპირი ურთიერთობაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც წიგნები შეიძლება ზოგჯერ აუდიტორიამდე ვერც კი მივიდნენ. მისი პირველი სიმღერები მის პირველ წიგნებს წააგავდა — იმ სურვილით იყო შექმნილი, რომ საზოგადოების ცენტრში აღმოჩენილიყო და ადამიანებში აგრესია გამოეწვია. მოგვიანებით, Eko & Vinda Foli-სთან კოლაბორაციის შემდეგ, ერეკლემ საერთაშორისო აღიარება და პოპულარობა მოიპოვა. ამასთანავე, იგი აგრძელებს სოლო კარიერას, სადაც რომანტიკულ და ჰიპ-ჰოპ ჟანრებს ეძღვნება. ახლა ერეკლე გეგმავს საკუთარი ფოლკლორული მუსიკის შექმნას — თავად უკრავს ფანდურზეც და სხვა ინსტრუმენტებზე — რაც მას საშუალებას აძლევს, საკუთარი მუსიკა და ქართული ენა ახლებურად, განსხვავებული ფორმით გადმოსცეს.
ისევე როგორც მუსიკა აძლევს ერეკლეს თავისუფლების შეგრძნებას, წერა მისთვის არის გზა, რომ თავი დააღწიოს ცხოვრების ნეგატივსა და სიმძიმეებს. შესაბამისად, წერა ერთგვარი რიტუალია, რომელიც მას სიმშვიდეს და შვებას აძლევს — დიალოგს ქმნის მის თავსა და ფურცელს შორის, რომელიც საბოლოოდ მკითხველამდეც მიდის. აი სწორედ ესაა პოეზიის ძალა, ერეკლეს თქმით — „სხვადასხვა ადამიანს შეუძლია საერთო გადაკვეთის წერტილში შეხვდეს ერთმანეთს“, რადგან, როგორც ამბობს, „ყველას გვაქვს რაღაც საერთო ტკივილიც და სიხარულიც“. დღესდღეობით ერეკლე სკოლებში მუშაობს და მეცხრე-მეათე კლასელებისთვის ლიტერატურულ ლექციებს ატარებს, ძირითადად XX საუკუნის მეორე ნახევარზე აქცენტირებით. მისი მიზანი მხოლოდ გამოცდებისთვის მომზადება არ არის — სურს, მოსწავლეებს ლიტერატურა უფრო ღრმად გააცნოს და მთლიანობაში დაანახოს მისი მნიშვნელობა. მისი აზრით, ეს აუცილებელია, რომ ადამიანი პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბდეს. ერეკლე ფიქრობს, რომ პოეზია და ხელოვნება ზოგადად, მონაწილეობს იმ ნორმებისა და კულტურული კოდების შექმნაში, რაც საზოგადოებას აყალიბებს. მისთვის ხელოვნება აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი გადარჩენისთვის — რადგან, როგორც ამბობს, „საზოგადოების კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახლოს დგას ის ხელოვნებასთან და იმ სულიერ საზრდოსთან, რაც ადამიანს სჭირდება“.
Manuel Primitivi