ინტერვიუ გიორგი ბალხაშვილთან – ქართული ვერსია
ჟურნალ “კარგი მოქალაქის” რედაქციას ინტერვიუს ჩაწერის პატივი ერგო ქართველ პოეტთან, გიორგი ბალახაშვილთან,რომელმაც გვიამბო თავისი შემოქმედების შესახებ და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ არის პოეზია მის ცხოვრებასთან გადაჯაჭვული და გაგვიზიარა მომავალი პროექტების შესახებ. გიორგი 37 წლისაა და სადაზღვევო აგენტად მუშაობს – ავტო და უძრავი ქონების დაზღვევითაა დაკავებული. ამაზე ხუმრობს კიდეც: „შეიძლება უცნაურად ჟღერდეს – ადამიანი, რომელიც დაზღვევით არის დაკავებული, ავტომობილებსა და ქონებას აზღვევს – თან ლექსებსაც წერს“ ამბობს, რომ პოეზია, და ზოგადად წერა, თავდაპირველად ჰობად დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით სერიოზული სახე მიიღო – გიორგი მრავალი წელია წერს. 2024 წლის ნოემბერში გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოაქვეყნა მისი ლექსების მეორე კრებული – „თილისმა“, რომელიც “საბას” ლიტერატურულ პრემიაზეც იყო წარდგენილი. მისი პირველი წიგნი – „Postალიონური“ 2015 წელს გამოიცა და 2016 წელს “წინანდლის” პრემიის ნომინანტი გახდა. გვიამბო პირველი და მეორე წიგნის გამოცემებს შორის არსებული ხანგრძლივი პაუზის შესახებაც: „იყო დიდი პაუზა ჩემს პირველ და მეორე წიგნს შორის, მაგრამ თავს ვამშვიდებ იმით, რომ ამ დროის მანძილზე აქტიურად ვწერდი.“ მისი შემოქმედებითი გზა სკოლაში დაიწყო, როცა დავალებებს ლექსებით პასუხობდა – “ეს იყო ჩემი თავის გამოხატვის საუკეთესო ფორმა”, – ამბობს გიორგი. განსაკუთრებით ახსენდება პირველი ლექსი – „ჩიტის ბედი“ „მე ჩიტის ბედის ყოველთვის მშურდა, მშურდა იმიტომ, რომ ფრენა მსურდა, ჩიტი რომ მკითხავს: „შენ რა გწადია?“ მე ვუპასუხებ: „ფრენა მწადია.“ ვკითხეთ, რა იყო მისი შთაგონების წყარო, როგორ დაიწყო წერა და როგორ იქცა ეს საქმედ. გვითხრა, რომ თავდაპირველად გოგონებზე წერდა: „მინდოდა, რომ მოსწონებოდათ ჩემი ლექსები და მეც მოვწონებოდი მათ. მაგრამ მერე მივხვდი, თუ გოგონებზე შემეძლო წერა, შეიძლებოდა დამეწერა ბუნებაზე, საგნებზე, იმაზეც, რაც არ ჩანს.“ თვითგამოხატვის ფორმამ ასაკის მატებასთან ერთად სახე იცვალა. გიორგის აზრით, ხშირად უარყოფის გრძნობა ხდება წერის სტიმული. „როცა შოკოლადებსა და ყვავილებს ვჩუქნიდი, მერე სიტყვებს ვეძებდი, რომ ჩემი გრძნობა გადმომეცა — და ასე ჩნდებოდა პოეზია.“ შთაგონების შესახებ საუბრისას, გვითხრა, რომ შეუძლებელია გავლენის გარეშე დარჩე. გაიხსენა შემთხვევა, როცა ბიჭების საუბარს მოჰკრა ყური: „ერთმა მეორეს უთხრა: „ქარმა ხეხილი შემიშინა“. მათთვის ეს ჩვეულებრივი ფრაზა იყო, ჩემთვის – შთაგონება.“ გიორგიმ გვიამბო იმ შემთხვევაზეც, როცა დაღლილ დედას სავარძელში მიეძინა, ეს იყო მისი მუზა დაეწერა ლექსი დედაზე. პოეტმა ილაპარაკა იმ პერიოდზეც, როცა მუზა არ აქვს და განმარტა,რომ შემოქმედი მოლოდინში უნდა იყოს სულ: „უნდა დაელოდო იმ წამს, როცა თავს გამოაცოცხლებ და ყველაფერს ახალი ფურცლიდან დაიწყებ.“ გიორგის არ აქვს კონკრეტული რიტუალი წერისთვის – მუზა ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს. „როცა მუზა მოდის და წერის პროცესში ვიჭედები, ხშირად ვრთავ მუსიკას – განსაკუთრებით კლასიკურს – და ხშირად სწორედ ასე ვპოულობ ლექსის გასაგრძელებლად საჭირო სიტყვებს.“ამბობს, შეუძლია ყველგან წეროს – მეტროში, მეგობრებთან, რომლებიც კარტს თამაშობენ. „რიტუალი იმით იწყება, რომ ვანთებ სიგარეტს და სიტყვებს ვეძებ, შეიძლება პლაცებო ეფექტია ეს ყველაფერი,“ – ამბობს ღიმილით. ვკითხეთ, იყო თუ არა მის ოჯახში ვინმე, ვისგანაც ეს ნიჭი მემკვიდრეობით მიიღო. გვითხრა, რომ მამამისიც, გივი ბალახაშვილი, წერდა ლექსებს და შესაძლოა ეს სწორედ მშობლებისგან გადმოეცა. „დედა ამბობს ხოლმე, რომ მამა ბევრად უკეთესად წერს, ვიდრე მე,“ – დაამატა სიცილით. დავინტერესდით მისი წარმოშობით, გიორგი სოხუმელია. ვკითხეთ,ხომ არ იყენებდა მამამისის პოეზიას აფხაზეთიდან წამოსვლის ტკივილის შესამსუბუქებლად. ოჯახისთვის მძიმე პერიოდი იყო აფხაზეთის ომის დროს, როცა მოულოდნელად დაკარგეს დედა და და, დიდხნიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ და რამდენიმე თვე კლინიკაში იწვა და კომაში იყო. გიორგი გვიამბობს ჭუბერის უღელტეხილის გადალახვის ამბავს, სადაც მრავალი მოზრდილი დაიღუპა. გიორგი ბალხაშვილმა ბავშვობაში განცდილი ეს მტკივნეული გამოცდილება ლექში „ოდა კარტოფილს“ ასახა. „[სოხუმიდან წამოსვლისას] მხოლოდ ოთხი კარტოფილი და სამი ვაშლი გვქონდა. ერთი კვირის განმავლობაში ფეხით ვიარეთ სვანეთის მთებში, სანამ თბილისს მივაღწევდით,მე და ჩემი და ბავშვები რომ ვიყავით, ეს ოჯახისითვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა,მათთვის ძალა იყო, რომ თბილისამდე მოვსლიყავით. ერთ დღეს პურის რიგში დგომისას ერთმა კეთილმა ადამიანმა თავშესაფარი შემოგვთავაზა,“ გიორგის ცეკვის მიმართ სიყვარული მამის პროფესიამ განაპირობა,გივი ბალახაშვილი ქართული ცეკვების მასწავლებელი იყო და ამ საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა,გაგვიზიარა ის ფაქტიც,რომ ცეკვის გარდა ხატვის მიმართაც აქვს ლტოლვა: „თუ არჩევანი მექნებოდა – ვყოფილიყავი პოეზიის ან მხატვრობის ტოპ-ხელოვანი – მხატვრობას ავირჩევდი. ძალიან მიყვარს და თუ არსებობს შემდეგი ცხოვრება, იმედი მაქვს, მხატვარი ვიქნები.“ ვკითხეთ დაუსრულებელი ლექსების მიმართ დამოკიდებულებაზეც. გვითხრა, რომ ამის შესახებაც აქვს ლექსი: „ დაუსრულებელ ლექსებს მაგონებ, იცოდე მათშიც რაღაც ხიბლია“ გიორგი ასევე ტელეფონში ინახავს დაახლოებით 500 სიტყვას, რომლებიც შემთხვევით დიალოგებში გაუგია და მომავალში მათი გამოყენება წერის დროს სურს. მთლიანობაში, ჩვენი საუბარი გიორგი ბალახაშვილთან მის წარსულსა და ახლადგამოცემულ წიგნებს ეხებოდა. დაწვრილებით ვისაუბრეთ მის შთაგონებაზე, წერის მიმართ დამოკიდებულებაზე და სამომავლო გეგმებზე. გვითხრა, რომ სურს დაასრულოს პროზაული ტექსტი, აქვს მასალა სხვა წიგნების გამოსაცემადაც, მათ შორის – სასიყვარულო წერილების კრებული. გიორგი ბალხაშვილის შემოქმედებითი განვითარება, როგორც მწერლისა და მომავალი მხატვრის, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ვუსურვებთ წარმატებებს და მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის.
Greta Miravalle