როდესაც ტალანტი და თავდადება ხვდება ერთმანეთს: ინტერვიუ სოპრანო სალომე ჯიქიასთან

By Antonella Troiano

Salome Jiqia
Salome Jiqia

როდესაც ტალანტი და თავდადება ხვდება ერთმანეთს: ინტერვიუ სოპრანო სალომე ჯიციასთან

გვქონდა პატივი შევხვედროდით სალომე ჯიქიას — გამორჩეულ ქართველ არტისტს, რომლის ხმამაც დაიპყრო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საოპერო სცენები: ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთამდე, საფრანგეთამდე — და რა თქმა უნდა — იტალიამდე. მისი ისტორიის მოსმენისას მხოლოდ წარმატების ამბავს კი არ ვიგებთ, არამედ ვიძირებით სრულიად ოპერის სამყაროში.

ოპერის სამყაროში ჩაძირული გამოცდილება

მისი ყურადღება ბავშვობიდანვე მუსიკისკენ იყო მიმართული. თუმცა, სალომე საოპერო ვოკალის მიმართულებით შედარებით გვიან — 21 წლის ასაკში დაიწყო განვითარება, როდესაც კონსერვატორიაში „კარმენის“ და „კავალერია რუსტიკანას“ სოლფეჯირებდა, საკუთარი ხმის მრავალფეროვნება აღმოაჩინა. „საფორტეპიანოზე ვსწავლობდი 17 წელი, ჯერ სკოლაში, შემდეგ კონსერვატორიაში. ბავშვობაში მომღერლის კარიერა არც წარმომედგინა. არასოდეს არის გვიანი, გაიგო — რა გინდა შენი ცხოვრებისგან“, — ამბობს სალომე. მისი უნარი, ხმა ინსტრუმენტივით მართოს, სწორედ ფორტეპიანოსთან გატარებული წლების შედეგია. ეს მყარი მუსიკალური ბაზა მნიშვნელოვნად ამარტივებდა კლასიკური კომპოზიტორების სტილისტური სპეციფიკის ათვისებას: „ბევრად უფრო მარტივია ისეთი კომპოზიტორების სტილისტურად გამართულად სწავლა, როგორებიც არიან მოცარტი და ვერდი როდესაც გაქვს სიღრმისეული მუსიკალური ცოდნა, “. მისი რეპერტუარი მოიცავს ოპერის ისტორიის გიგანტებს: როსინი, ვერდი, პუჩინი.

გარდამტეხი მომენტი იყო შეხვედრა ლეგენდარულ რენატა სკოტოსთან, ვისაც სალომე კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს: „იტალიაში აღმოვაჩინე ჩემი ხმის ნამდვილი ბუნება, როდესაც როსინის ვასრულებდი რომში, რენატა სკოტოს მასტერკლასზე“, — იხსენებს ის. „ვმღეროდი ვერდის და მან, წინდახედულობით, მკითხა: თუ უკვე ამ რეპერტუარს ასრულებ, მომავალში რას გააკეთებ?“ სწორედ სკოტომ მიუთითა როსინის ბელკანტოს მიმართულება და მას შესთავაზა ნაწარმოებები, რომლებიც საჭიროებდნენ ვირტუოზულ მოქნილობას და ფართო დიაპაზონს: Portami Domani, La Donna del Lago, Rondo Finale, Elena. „Rondo Finale ტრადიციულად იმ სოპრანოსთვისაა, ვინც დაბალ ბგერებსაც კარგად აჟღერებს. ის ბუნებრივი მოქნილობა, რასაც როსინი მოითხოვს, მაძლევდა საშუალებას, უფრო ახლოს გავცნობოდი ოპერის სამყაროს და გამეგო ჩემი ხმის ნამდვილი ტემბრი“. სკოტოს გავლენა ტექნიკასაც გაცდა: „როცა ლეგენდას შენი სჯერა, ის გაძლევს ძალას და თავდაჯერებას, რომელსაც სხვაგან ძნელად იპოვი“.

იტალია სალომესთვის დღემდე განსაკუთრებული და ერთგვარად რთული სივრცეა: „იტალიაში სიმღერა ყოველთვის პატივია. იტალიელებისთვის ოპერა ძალიან მგრძნობიარე ჟანრია. ამიტომაც იქ სიმღერა ყოველთვის მცირე შფოთვას იწვევს — მოლოდინები ძალიან მაღალია“. და აღნიშნავს: „ნებისმიერი არტისტისთვის ლა-სკალას თეატრთან შეხება ერთ-ერთი ყველაზე რთულია და მძაფრ ემოციებს უკავშირდება. ლა-სკალა ჩვენთვის ინსტიტუციაა — აბსოლუტური საზომი ოპერის სამყაროში“.

ახალი თაობა და მუსიკის ევოლუცია (ან დეფორმაცია)

ახალ თაობაში ბუნებრივი ხმა კარგავს ცენტრალურ ადგილს და იმ მნიშვნელობას, რაც ადრე ჰქონდა. ჟანრები, რომლებიც ახალგაზრდებს ხშირად მოსწონთ — მათ შორის ტრაპი — ხშირად ასწავლის, რომ დღეს სიმღერა მხოლოდ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს: აუტო-ტონს და პოსტ-პროდუქციას. „როცა გაგიმართლებს და ბუნებრივ, ავთენტურ ხმას პირდაპირ მოისმენ, ეს აუცილებლად გადაწონის შენს გემოვნებას“, — ამბობს სალომე. „იქმნება ნამდვილი მაგია, რომელიც ოთხ–ხუთ საათს გრძელდება — ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე“. მისი თქმით, ოპერის თეატრში სიარული ახალგაზრდებს აჩვენებს, რა არის „ნამდვილი მუსიკა“. საქართველოში, ბოლო წლებში, იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც თეატრს სტუმრობენ.

პედაგოგის ცხოვრებისეული მნიშვნელობა

სალომეს აზრით, კარგი პედაგოგი ერთ-ერთი საკვანძო მომენტია მუსიკალურ კარიერაში: „მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი დაგეხმაროს სწორი რეპერტუარის არჩევაში. არასწორი ნაწარმოები ახალგაზრდა მომღერალს არადამაჯერებლად წარმოაჩენს და არც მის პიროვნებას ირეკლავს“. სალომე იხსენებს გადამწყვეტ მომენტებს — სკოტოს შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო ალბერტო ძედდა, პეზაროს როსინის ოპერის ფესტივალის აკადემიაში: „რენატა სკოტოს შემდეგ, ალბერტო იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად დამეხმარა. მან ამირჩია როსინის ფესტივალისთვის ოპერა ,ტბის ქალწულში’ მონაწილეობისთვის — სივრცეში, სადაც საერთაშორისო არტისტები ერთად იკრიბებოდნენ“. მანამდე კი იყო კონკურსები, მოსმენები, და ბოლოს 27 წლის ასაკში პეზაროში დებიუტი. „საზოგადოება სიჩქარეს გვაიძულებს, მოთხოვნებს გვიყენებს. საჭიროა ეტაპობრივად მომწიფება — უნდა გავიგოთ სად ვართ და რა გვიყვარს“. წარსულში, მუსიკაშიც კი არ არსებობდა რითმის ზუსტი საზომი. არც სიმღერების უწყვეტად მიწოდების მოთხოვნა. ეს იძლეოდა უფრო სიღრმისეული მუსიკალური კვლევის ჩატარების საშუალებას და დახვეწილი ვოკალური სტილის განვითარებას: „მომღერალის ხმაშიც კი შეიძლება გაიგონო, როგორ შეიცვალა დრო. გამკაცრებულმა კონკურენციამ ,ხელოვნება’’ დააშორა ხელოვნებასთან. ნამდვილი ხელოვნება უფრო ღრმაა“.

ოცნებები, როლები და მომავალი: „მადამ ბატერფლაი“ და სწავლება

ნორმა, ტოსკა და ვიოლეტა-ში გამოჩენების შემდეგ, სალომე აცხადებს, რომ მის საოცნებო რეპერტუარში ჯერ კიდევ რჩება მადამ ბატერფლაი. და ბოლოს — მომავალი: „მუსიკოსისთვის რთულია შეეგუოს იმას, რომ ერთხელაც ვეღარ შეძლებს სიმღერას. ალბათ, ჩემს შემთხვევაში, ასეთ მომენტში სწავლებისკენ მივმართავ ენერგიას“.