თვითდამკვიდრების ათწლეული: თბილისის ქალთა გუნდი მილანში და საგუნდო სცენის ახალი გზა

By Lidia Davidovi

თვითდამკვიდრების ათწლეული: თბილისის ქალთა გუნდი მილანში და საგუნდო სცენის ახალი თავგადასავალი

2025 წლის ბოლოს, თბილისის ქალთა გუნდი პირველად გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ-მილანის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე. ეს ნაბიჯი არა გეოგრაფიული, არამედ სიმბოლური საზღვრის გადალახვაც იყო: თორმეტწლიანი შრომის, ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა გუნდის პროფესიული ზრდის შედეგი. გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი-ომარ ბურდული-ფესტივალს „თბილისის ქალთა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ნიშანი“ უწოდებს. როგორც თავად ამბობს, მნიშვნელობა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობდა. რომ კონცერტი მილანში გაიმართა, არამედ იმაში, რომ „პირველ რიგში, ჩვენი გუნდისთვის ეს იყო პირველი გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ქართული საგუნდო მუსიკის პირველი გაზიარება. ეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გოგონებისთვისაც-განსაკუთრებული დღეები იყო.“ სამი კონცერტი ქალაქის სხვადასხვა სივრცეში გაიმართა. პროგრამები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ქართულ საგუნდო მუსიკას, ევროპელ ავტორებს და ჯაზურ საგუნდო ადაპტაციებს, რომლებიც გუნდის წევრებმა თავადაც დაამუშავეს.

„სხვა მუსიკა ისევ კეჭაყმაძემ შემაყვარა“ - ქართული საგუნდო ტრადიციის ხაზი

ფესტივალის პირველი საღამო მთლიანად ქართულ საგუნდო მუსიკას დაეთმო. ბურდული ქართულ საგუნდო სკოლას ორ სახელთან აკავშირებს-ნიკო სულხანიშვილთან და იოსებ კეჭაყმაძესთან: „ნიკო სულხანიშვილმა პირველი ნაბიჯი გადადგა და დაწერა საგუნდო ნაწარმოები. იოსებ კეჭაყმაძემ ეს სხვა სიმაღლეზე აიყვანა.“ მისივე თქმით, კეჭაყმაძე არა მხოლოდ მუსიკალური საყრდენია, არამედ პირადი შთაგონების წყარო: „სხვა მუსიკა ისევ კეჭაყმაძის მუსიკამ შემაყვარა… მისი მუსიკა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს საქმე მეკეთებინა.“ გუნდის რეპერტუარში მრავალი მისი ნაწარმოები იყო წარმოდგენილი, ასევე გია ყანჩელისა და ოთარ თაქთაქიშვილი კომპოზიციები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბურდული კეჭაყმაძის ოჯახის მხარდაჭერასაც ანიჭებს- კომპოზიტორის ქალიშვილი, ტატო კეჭაყმაძე, რომელიც მილანში ცხოვრობს, ფესტივალს ესწრებოდა, ხოლო მისი შვილიშვილი-ახალგაზრდა სოპრანო ოლგა- სოლო პარტიით გამოსვლას გეგმავდა, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო ვეღარ შეძლო მონაწილეობის მიღება.

თერთმეტი წლის ენთუზიაზმი და უდიდესი შრომა თვითდამკვიდრებისთვის

2025 წელი გუნდისთვის არა მხოლოდ კარიერული წინსვლის, არამედ ფსიქოლოგიური და ინსტიტუციური გარდატეხის წელიც იყო. ბურდული გულწრფელად აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში გუნდის არსებობა მხოლოდ ენთუზიაზმზე იდგა-ფინანსური მხარდაჭერის გარეშე: „11 წლის მანძილზე ენთუზიაზმით… არც ერთი რეპეტიცია არ უნდა გაეცდინათ-ჩემი მოთხოვნა იყო.“ გუნდის ისტორიაში მრავალი კურიოზული ეპიზოდიც იყო: „ვიღაცას შვილი ჰყავდა, 9 თვის ორსული დადიოდა რეპეტიციებზე, თითქმის იქვე აჩენდნენ ბავშვებს… ქმრებს მოჰყავდათ ჩვილები-ჩვენ ვერ ვაწყნარებთო…“ გუნდში შვიდი წევრია, რომლებიც 11-12 წელია მომყვებიან - ეს არის ერთგულება, რაც საგუნდო მუსიკის სფეროში იშვიათობად ითვლება.’’ “ მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო სახელმწიფომ მხარდაჭერის აღმოჩენა. ბურდული განსაკუთრებულ მადლობას უხდის: „იყო ადამიანი, რომელმაც დაგვიჯერა-მინისტრი თინათინ რუხაძე. მადლიერი ვიქნები მუდამ, ეს ჩვენს ისტორიას დარჩება.“

Omar Burduli

ისევ აქვთ დღევანდელ ახალგაზრდებს საგუნდო მუსიკის ინტერესი?

დღეს, როცა ტრეპისა და რეპის ჟღერადობა ინტონაციის პრინციპს ხშირად აბათილებს, ბურდული ახალგაზრდების ვოკალურ განათლებაზე საუბრობს: „სპორტსმენს რომ ვარჯიში სჭირდება-ჩვენს ხმასაც სჭირდება ინტენსიური ვარჯიში.ხმის სწორად ფორმირება თავისით არ მოდის.

როცა ნაწარმოები იბადება და პირველად სრულდება

ბურდული ამბობს, რომ ყველა ნაწარმოები გამოწვევაა - „ყველას თავისი იდეა აქვს, რომელსაც უნდა ჩაწვდე“, თუმცა განსაკუთრებულად ერთ ეპიზოდს გამოყოფს: გორელი კომპოზიტორის - ჯემალ ბეგლარიშვილი - ორ ნაწარმოებს, რომლებიც ქალთა გუნდისთვის სპეციალურად დაიწერა: „როცა იცი, რომ შენთვის წერდა… დიდი პატივისცემაა და პასუხისმგებლობა.“ ასეთი მომენტები საგუნდო მუსიკისათვის ერთგვარი „პირველი სუნთქვის“ მნიშვნელობას იძენს.

დირიჟორი, რომელიც თავდაპირველად დირიჟორობაზე არ ფიქრობდა

ომარ ბურდულის გზა თავიდანვე გუნდს უკავშირდებოდა - თავდაპირველად ბავშვობაში,როგორც გუნდის მომღერალი, შემდეგ კონსერვატორიაში როგორც დირიჟორი. საორკესტრო დირიჟორობას არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ მისი ყურადღება გუნდისკენაა მიმართული: „მინდა იქ ვიყო სადაც ახლა ვარ და ვაკეთებდე იმას, რასაც ახლა ვაკეთებ.“

როგორ ატარებს ომარ ბურდული თავისუფალ დროს

გარდა პროფესიული ხაზისა, ბურდული საკუთარ ბუნებაზეც საუბრობს: „მიყვარს ფეხბურთი, მაფიის თამაში, ლუდი და მეგობრები… სიუხეშე მაქვს, მთიული ხასიათის ნაწილი. ფიცხი ვარ და მერე ვნანობ’’.

Use of AI tools
  • მთლიანი რედაქტირება განხორციელდა AI-ის მეშვეობით